ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტს არეგისტრირებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტი გულისხმობს ადმინისტრაციული სახდელისგან იმ მოქალაქეების გათავისუფლებას, რომელთაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით და რომელთა მიმართ 174-ე პრიმა მუხლით გამოცემულია დადგენილება 2026 წლის 1-ელ მარტამდე და შეფარდებულია ჯარიმა.
ხორგუანის თქმით, კანონპროექტი გულისხმობს, როგორც გადაუხდელი, ასევე გადახდილი 8 ათასამდე ჯარიმა-საურავების ამნისტიას.
„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური ძალის საპარლამენტო გუნდი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ დღეს ვარეგისტრირებთ კანონპროექტს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“.
კერძოდ, ეს კანონპროექტი გულისხმობს ადმინისტრაციული სახდელისგან იმ მოქალაქეების გათავისუფლებას, რომელთაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით და რომელთა მიმართ 174-ე პრიმა მუხლით გამოცემულია დადგენილება 2026 წლის 1-ელ მარტამდე და შეფარდებულია ჯარიმა. კანონპროექტი გულისხმობს, როგორც გადაუხდელი, ასევე გადახდილი 8 ათასამდე ჯარიმა-საურავების ამნისტიას.
დღეს, რთული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარების პირობებში ამ კანონის მიღებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა:
ფინანსური წნეხი იმ ოდენობის ჯარიმებით, რომელიც ოჯახების შემოსავალს ბევრად აღემატება - ეს ამნისტია უმძიმესი სოციალური ტვირთის შემსუბუქება იქნება;
უსამართლობით დატანჯული და რეპრესიული წნეხის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისკენ სახელმწიფოს შემობრუნების შესაძლებლობა შეიძლება გახდეს;
დაყოფილ საზოგადოებაში ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმის მცდელობად იქცეს.
ამ კანონპროექტის კანონად ქცევა მოითხოვს „ქართული ოცნებისგან” გონიერებას, ადამიანურობას, პასუხისმგებლობას, ქართველობას, ქრისტიანობასა და თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელ პოლიტიკური ნებას.
ხელისუფლებამ თავისი დაჟინება პოლარიზაციის დასრულებაზე უნდა გადაიქციოს საქმედ.
მაშინ, როცა „ქართული ოცნების” მიერ უკვე მიღებულია კანონები, რომლებმაც უკიდურესად შეზღუდა პოლიტიკური უფლებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება, ჯარიმებისგან გათავისუფლება მისცემს მოქალაქეებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას.
პირველი ნაბიჯის გადადგმა ევალება მას, ვინც აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს. ჩვენი შეთავაზებული კანონპროექტი მათ აძლევთ შანს, აჩვენონ ხალხს ერის გაერთიანებისთვის ქმედითი ნაბიჯის გადადგმის მზაობა და აგრძნობინონ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ამ ქვეყანაშიც ახსოვთ ადამიანი.
ჩვენ ვართ ალუდა ქეთელაურის ქვეყანა, ჩვენ ვართ ვეფხისა და მოყმის ქვეყანა. ჩვენ ვართ ქრისტიანული სახელმწიფო, სადაც მიმტევებლობა ყოველთვის იყო განსაკუთრებული ეროვნული ნიშანი და ქართული იდენტობის მახასიათებელი.
ის, რაც დღეს ხდება, ერის გახლეჩა და საზოგადოების დაპირისპირება და უფსკრული ხალხსა და ხელისუფლებას შორის მოიტანა არასწორმა პოლიტიკამ და პროპაგანდამ, ადამიანის დავიწყებამ და ძალაუფლებით ტკბობამ.
ბურთი „ქართული ოცნების” მოედანზეა. გადაწყვეტილება მისაღებია. ხალხი ელოდება. ერში სიძულვილის გაღვივება უმძიმესი ტვირთია, რომელსაც ისტორია არცერთ მმართველს არ პატიობდა და არც მომავალში აპატიებს”, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.