საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბენჟამენ ჰადადიმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევენ. სამწუხაროდ, დღეს საქართველო მათ ჩამორჩება. ეს „ქართული ოცნების“, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების და მთავრობის მიერ გადადგმული არალიბერალური ნაბიჯების გამო ხდება. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, გააუქმოს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში გამოხატვის უფლებას ზღუდავს. საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა. თუ მას ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, მაშინ იცის, რა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ბენჟამენ ჰადადიმ.
ჰადადიმ ევროკავშირის მიერ მიზნობრივი სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„დღეს საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ეს კანდიდატის სტატუსი დე ფაქტო გაყინულია. ის წინ ვერ წავა, ვიდრე „ქართული ოცნება“ რეპრესიებს გააგრძელებს. ჩვენ ინსტრუმენტები გვაქვს. სავიზო საკითხი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ განიხილება. მიზნობრივი სანქციები, კერძოდ სავიზო შეზღუდვები იმ პირებს დაუწესდა, რომლებიც რეპრესიებთან არიან კავშირში. ეს არის ის, რასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უფრო შორს წავიდეთ“, - აღნიშნა საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში.