როგორც კი გავიგეთ, რომ აქციის მონაწილეები სასახლისკენ მოდიოდნენ, ორი სქელი „ბალკით“ გავამაგრეთ ჭიშკარი და დავადეთ ბოქლომი, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ნიკიტა ბეჟანიშვილმა სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.
ბეჟანიშვილი იმ დროს ათონელის სასახლესთან სავალდებულო სამსახურს გადიოდა, 4 ოქტომბერს კი დამატებით ცვლაში მუშაობდა.
„დაახლოებით, 15:00 საათი იქნებოდა, აქციის მონაწილეები მოვიდნენ. მათგან ისმოდა შეძახილები: „დაგვნებდი“, „ჩაგვაბარეთ გასაღებიო“...
სცადეს ეზოში შემოსულიყვნენ, რამდენიმე თანამშრომელი მივედით, სადაც შეტაკება იყო, დამატებითი ძალის მოსვლამდე მათ შეკავებას ვცდილობდით, შემდეგ უკვე, მეორე, მესამე ღობე შემოანგრიეს და ეზოში შემოვიდნენ - „დაგვნებდი, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, გადმოდი აქეთო“. ამ დროს, გდდ-ს თანამშრომელმა „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა, მეც შემესხა, რის შემდეგაც ვეღარ ვხედავდი და შევედი შიგნით",- განაცხადა ბეჟანიშვილმა.
მისივე თქმით, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.