ამ კანონპროექტის მთავარი იდეა და მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში, ჯარიმები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს დაუწესდათ, გაუქმდეს და ასევე, იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომლებმაც ამ მავნებლური პოლიტიკისა და რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად ჯარიმები გადაიხადეს, თანხები დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფარულავას თქმით, სახელისუფლო გუნდის დეპუტატების კომენტარები და გამონათქვამები იმაზე მიუთითებს, რომ მათ არ სურთ, აქციების პერიოდში დაჯარიმებულ პირებს ჯარიმები ჩამოეწეროს, თუმცა, მისივე განმარტებით, ინიციატივის განხილვისას საზოგადოება თავად მოისმენს მათ არგუმენტებს.
“ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა ადმინისტრაციული სახდელებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, იმ ჯარიმებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როცა ამ ბოლო წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” მავნებლურმა პოლიტიკამ და რეპრესიულმა კანონმდებლობამ დააჯარიმა ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც გამოიყენეს კონსტიტუციით განსაზღვრული გამოხატვის თავისუფლება და ასევე კონსტიტუციის განსაზღვრული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
ამ მიმართულებით არაერთი ჯარიმა დაუწესდა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ობიექტურად გააპროტესტეს და აპროტესტებენ დღემდე “ქართული ოცნების” იმ მავნებლურ პოლიტიკას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გვაშორებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, გვაშორებს დასავლურ სივრცეს და დღეს, ფაქტობრივად, სრული იზოლაციისკენ მივდივართ.
ამ კანონპროექტის მთავარი იდეა და მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში, ჯარიმები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს დაუწესდათ, გაუქმდეს და, ასევე, იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომლებმაც ამ მავნებლური პოლიტიკისა და რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად ეს ჯარიმები გადაიხადეს, ეს თანხები დაუბრუნდეთ.
როგორც ვნახეთ მათი [“ქართული ოცნების” დეპუტატების] გამონათქვამები და კომენტარები, უარი თქვეს, მაგრამ ჯერ წინ გვაქვს განხილვის პროცესი. რა არგუმენტაცია ექნებათ, რა დასაბუთება ექნებათ, რა პოზიცია ექმნებათ, ამას საზოგადოება თავად ნახავს”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.