18-19 მარტს საერთო საკუთრება წარმოიშობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება

18 და 19 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „სოფო შავაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1771). ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად „საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ“, ასევე ამავე კოდექსის 953-ე მუხლი, რომლის მიხედვით, „თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს“.

„№1771 კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია თანასაკუთრება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, იგი საერთო სასამართლოში ითხოვდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საზიარო უფლების გაუქმებას, ქონების აუქციონზე რეალიზაციასა და რეგისტრირებული წილების შესაბამისად ამონაგები თანხის თანამესაკუთრეთა შორის გადანაწილებას. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა. საქმის განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ უძრავი ქონების რეალური ფართობი, რომელზეც რეგისტრირებული იყო საზიარო უფლება, არსებითად ნაკლები იყო საჯარო რეესტრში მითითებულ ფართობზე. ამასთან, საერთო სასამართლოებმა მიუთითეს, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული წილი არ ვრცელდებოდა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ ფართობზე, რადგან მოპასუხე ფაქტობრივად ფლობდა მხოლოდ მის მიერ შეძენილ და მის სახელზე რეგისტრირებული წილის შესაბამის ფართს. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საერთო სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის ქვეშ არსებულ ქონებაზე არ არსებობდა საზიარო უფლება და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველიც.

მოსარჩელის შეფასებით, ქონების ფაქტობრივი მფლობელი თანამესაკუთრისთვის უპირატესობის მინიჭებით, დაირღვა თანასაკუთრების უფლების არსი, რომლის თანახმადაც, თანასაკუთრების შემთხვევაში, საკუთრების საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილი და არა – უძრავი ქონების კონკრეტული ფართობი. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საერთო სასამართლოების მიერ ფაქტობრივი გარემოებების ამგვარი შეფასებით, მას, როგორც ერთ-ერთ თანამესაკუთრეს, ჩამოერთვა საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნისა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების განკარგვის შესაძლებლობა.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და 953-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს