საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ირანმა 16 მარტს იერუსალიმის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რომლის ფრაგმენტებიც ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
საელჩოს თანახმად, ის ფაქტი, რომ „აიათოლების რეჟიმმა მუსლიმური“ წმინდა დღესასწაულის პერიოდში რაკეტები სწორედ ისლამისთვის წმინდა ადგილების მიმართულებით გაუშვა, ნათლად აჩვენებს მის „ცინიკურ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ, რაც წმინდა და საკრალურია“.
„გუშინ, 16 მარტს, რამადანის დროს ირანის რეჟიმმა კვლავ გაუშვა რაკეტები იერუსალიმის მიმართულებით - ქალაქისკენ, სადაც სამი რელიგიის წმინდა ადგილებია თავმოყრილი. ამჯერად რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაცხოვრის საფლავის ტაძრისა და დასავლეთ კედლის სიახლოვეს.
ირანის ტერორისტული რეჟიმი მიზანში იღებს იერუსალიმს - ქალაქს, სადაც ერთ მილიონზე მეტი ებრაელი, მუსლიმი და ქრისტიანი ცხოვრობს - და ამით პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ისე სამი რელიგიის წმინდა ადგილებს.
ის ფაქტი, რომ აიათოლების რეჟიმმა მუსლიმური წმინდა დღესასწაულის პერიოდში რაკეტები სწორედ ისლამისთვის წმინდა ადგილების მიმართულებით გაუშვა, ნათლად აჩვენებს მის ცინიკურ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ, რაც წმინდა და საკრალურია.
წმინდა ადგილებზე განხორციელებული დარტყმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ისრაელის მიმართ გავრცელებული ბრალდებები მუსლიმთა რწმენისა და თაყვანისცემის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უსაფუძვლოა და წარმოადგენს დაძაბულობის ხელოვნურად გაღვივების მცდელობას, რომელსაც არც ფაქტობრივი და არც რელიგიური საფუძველი არ გააჩნია.
ისრაელი იცავს ყველა მლოცველის წმინდა ადგილებს და იღებს ყველა აუცილებელ თავდაცვით ზომას, რათა დაცული იყოს როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე ყველა რელიგიის სიწმინდე”, - აღნიშნულია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.