ომის წარმატება და წარუმატებლობა იმ პოლიტიკური შედეგებით უნდა შევაფასოთ, რაც მოჰყვება სტაბილიზაციის ფაზას საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი ანთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი ანთაძის თქმით, ორ კვირაში ან ორ თვეში ირანის ჩამოქცევაზე საუბარი არასერიოზულია.
„ამ ომის და ამ კონფლიქტის, ირანის ბუნებიდან და პარამეტრებიდან გამომდინარე, ჯერ არ არის ეს ეტაპი, რომ 17 თუ 18 დღის თავზე თქვა, რომ ეს ომი არის წარუმატებელი. ომის წარმატება და წარუმატებლობა იმ პოლიტიკური შედეგებით უნდა შევაფასოთ, რაც მოჰყვება სტაბილიზაციის ფაზას საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ. რა ახალი მშვიდობა დადგება შიგნით ირანში და შემდეგ რეგიონში, ამის მერე დგება რეალობა, რაც უნდა შევაფასოთ“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.
გიორგი ანთაძემ გადაცემაში ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „ჯიუტ პოზაშია“, რომ ყველაფერი კარგადაა, სინამდვილეში კი „გემი იძირება“.
„პატიმრებზე და ყველაფერზე „ქართულ ოცნებას“ აქვს ჯიუტი პოზა, არაფერი დამიშავებია, ყველაფერი კარგად არის, სინამდვილეში გემი იძირება. გარშემო ცეცხლში ვართ, ხოლო ქვეყნის შიგნით მოსახლეობა გახლეჩილია, დაპირისპირებულია, არაფერზე კონსენსუსი არ არსებობს. რამდენჯერმე დებატებში კობახიძეს სთხოვეს, რომ რაღაც ქენით, გადადგით ნაბიჯები, გამოვიდეთ ამ საშინელებიდან, რაშიც ახლა ვიმყოფებით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მზაობა არ ჩანს. მზაობა იმისა, რომ რაღაც შეიცვალოს არ ჩანს, არადა ყველა თანხმდება იმაზე, რომ გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.