ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, „ეს არის ძალიან დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტს, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ კონკრეტულ საქმეებთან და მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია“.
„ის, რომ სახელმწიფოს ექსპერტთან უნდა ეთანამშრომლა, ეს იყო ვალდებულება თითოეული ორგანიზაციის, სწორედ ამიტომ შეხვდნენ მას სახელმწიფოს უმაღლესი პირები. იმის ნაცვლად, რომ რეკომენდაციებზე მოახდინონ მეტი ფოკუსი და ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, სახელმწიფო თვითონ არღვევს იმ პრინციპებს, რომელზეც ეუთოსთან შეთანხმდა. მე-6 პუნქტი ეუთოსთან ურთიერთობის ეს არის საოპერაციო დოკუმენტი „მოსკოვის მექანიზმის“. ის წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, დაიცვან თითოეული ადამიანის და ორგანიზაციის უფლებები, არ შექმნან რამე პრობლემა, ვინც ექსპერტთან ითანამშრომლებს. ეს მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკვე დარღვეულია.
მე დავეხმარე ექსპერტს იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაზეც მას კითხვები ჰქონდა, აინტერესებდა ანგარიშები, რომელიც ჩვენ გვქონდა მომზადებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე მას ყველაფერში დავეხმარე და ეს ინფორმაცია მივაწოდე.... საქართველოში 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის, მზია ამაღლობელი.
ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, რომ არავის ჰქონდეს მომავალში სურვილი, იკონტაქტოს საერთაშორისო ორგანიზაციასთან",- განაცხადა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაპირველად უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, სადაც მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გამოკითხვაზე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული.