მამა შალვა კეკელია - უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ - ეს თქვენ გჭირდებათ, მას არ სჭირდება არც შენდობა და არც პატიება

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - ყველას გთხოვთ, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა, არც პატიება და არც არაფერი, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოსთან განაცხადა.

მამა შალვა კეკელიას თქმით, „როგორც კელაპტარი, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი“.

„ერთი ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა. უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა - მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. მისი უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. უწმინდესს ძალიან უნდოდა ღმერთთან წარმდგარიყო. იმისთვის შრომობს, იღვწის სულიერად, რომ მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს. როგორც კელაპტარს რომ დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი. ყველასთვის ჩამოდნა. ამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს მახსოვს, რომ უწმინდესს ვინმე გაელანძღოს, ვინმეზე აუგი ეთქვას. მისი მაგინებლები და მისი მლანძღველები.. როცა ტელევიზიიდან ამ ყველაფერს ისმენდა ხოლმე, სულ მეუბნებოდა - „მამაო, მათი სახელები ჩაიწერე“.

ერთ-ერთი შემთხვევა იყო, ადამიანი ლანძღავდა უწმინდესს ტელევიზიით. ორი [ადამიანი] იჯდა და უწმინდესს ტელევიზიით ლანძღავდნენ. ტრაპეზზე ვიჯექი და გადავრთე პულტით [ტელევიზორი], რომ უწმინდესს არ ესმინა. [მითხრა,] „გადმორთე, უნდა ვუყუროო“ და ნახევარი საათი უყურა უწმინდესმა, როგორ ლანძღავდნენ მას. საშინელებებს იძახდნენ უწმინდესზე. რომ დამთავრდა ტრაპეზი, მერე მითხრა, „სახელები ჩაიწერეო“. ჩემნაირი ადამიანი სხვანაირად ვერ იფიქრებდა, ალბათ და მეთქი, ხვალ ამათ მიადგება, გალანძღავს, გათათხავს, როგორ გამიბედეთო. ამას ჩემს გონებაში ვფიქრობდი. მკლავში მომკიდა ხელი უწმინდესმა და მეუბნება - „ეგ მაგიტომ კი არ გითხარი, ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო“ - არ ვიცი, ასეთი ადამიანი იყო.

პატრიარქი ყოველ დილით 6:00 საათზე გამოდიოდა და ლოცულობდა.

ძალიან მძიმედ იყო უწმინდესი წინა დღეს. იმ ღამეს მორიგეობა მიწევდა. ექიმებმა მთხოვეს, რომ უწმინდესი 6:00 საათზე რომ გამოვიდოდა, კელიაში შემებრუნებინა. იმ დღეს ბევრი შეხვედრა ჰქონდა, ამიტომ, რომ დაესვენა და 10:00 საათზე გამოსულიყო კელიიდან. დილით რომ გამოვიდა, მეც მივედი და ვეუბნებოდი - „თქვენო უწმინდესობავ, დღეს ბევრი შეხვედრა გაქვთ და თუ შეიძლება, რომ დაისვენოთთქო“. [მითხრა] - რას მეუბნებიო. თმაში იცოდა ხელის მოკიდება. [მითხრა] – „მე ლოცვა-კურთხევა რომ გავეცი 7:00 საათზე ლოცვებზე, ვუთხარი, ვინც დილით 6:00 საათზე ლოცულობს, მეც თქვენთან ერთად ვლოცულობო. ორი კაცი ხომ მაინც ასრულებს ამ ლოცვა-კურთხევას და მაგ ადამიანებს როგორ მოვატყუებ. მათ გამო უნდა დავდგე და ვილოცოო“.

არ ვიცი, ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ ეპოქალურ ადამიანთან გვქონდა შეხება. ყველას გთხოვდით, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, ეს უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა, არც პატიება და არც არაფერი. თქვენვე გჭირდებათ, თქვენთვის არის ეს საზიანო. როდესაც გადაცემებში იყო ხოლმე „საპატრიარქო, პატრიარქი...“ პატრიარქი იყო საპატრიარქო. ის განაგებდა ამას, მისი კურთხევით იყო ყველაფერი. მის ხელში გავიზარდეთ ჩვენ ყველა. სულ ერთ რამეს გვასწავლიდა, სიყვარულს, სითბოს, საკუთარ თავზე გამარჯვებას.

ყველა პატრიარქის ნაკურთხი ვართ. მე 17 წლის ასაკში მოვედი უწმინდესთან და 30 წელი მიხდება, რაც პატრიარქთან გავატარე. ეს 30 წელი, მადლობა ღმერთს, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება და მისი პატრიარქობის დროს მომიწია ცხოვრება. ღმერთმა იმხელა საშუალება მომცა, რომ მასთან მომიწია ცხოვრება“, - აღნიშნავს მამა შალვა კეკელია.

მამა შალვა კეკელიას თქმით, პატრიარქის „გული ჩვენი სამშობლოს სიყვარულით ძგერდა“.

„ეს ჯვარიც მისი ნაჩუქარია. დილით არც ვიცოდი ეს ამბები და ეს ჯვარი დავიკიდე. როცა რეანიმაციაში ვიყავით, მის გულზე იყო ეს ჯვარი. მისი გულის ცემა ესმოდა. ქრისტეს ჩვენი გულის ცემა ესმის. მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულით. ვერ დავიჯერებ, ადამიანს სამშობლო, საქართველო უყვარდეს და პატრიარქის მიმართ განწყობილი იყოს ცუდად. ვინც პატრიარქის მიმართ ცუდად არის განწყობილი, მას ის ქვეყანა არ უყვარს, მას სამშობლო არ უყვარს. ვერ დავიჯერებ, რომ პატრიარქის აუგის მთქმელს, ეს სამშობლო უყვარს. პატრიარქს ძალიან უყარდა ეს სამშობლო და თუ სამშობლო გიყვარს, ყველა ის ადამიანი უნდა გიყვარდეს, ვისაც სამშობლო უყვარს. პატრიარქმა თავის ცხოვრება ამას მიუძღვნა. მართლა კელაპტარივით დადნა ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უცხოეთიდან „ძალიან ბევრი“ სასულიერო პირი ჩამოვა.

„კი, კი ძალიან ბევრი ჩამოვა. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უამრავი ეკლესიის წევრს შევხვედრილვარ და ყველა ამბობდა ერთ რამეს, რომ პატრიარქი არის საყოველთაო პატრიარქი. ყველა აღიარებდა, რომ ეს არის ყველაზე დიდი პატრიარქი. პანდემიის დროს, როცა ყველამ ქედი მოუხარა ამ დაავადებას, პატრიარქმა ეკლესიები არ ჩაუკეტა. როცა ეუბნებოდნენ, რომ „თქვენო უწმინდესობავ, არ შეიძლება, ტაძრები უნდა დავკეტოთო,“ ამაზე უთხრა: „ჩემი მთელი ცხოვრება ხალხს იმას ვეუბნები, რომ ტაძარში მოდით და ჩემი ბაგიდან როგორ ამოვა სიტყვა, რომ ტაძარში არ მოხვიდეთო, ამას ვერასდროს ვიტყვი. პატრიარქი გავხდი იმიტომ, რომ ხალხი ეკლესიაში შემომეყვანაო“. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს