ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ აიცილა.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა დააყენა. მან გარდა მოსამართლისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან ამ საქმის აცილებაც მოითხოვა. როგორც ადვოკატი განმარტავდა, საქმე იმ სასამართლოში იხილება, რომლის მიმართაც ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან. შესაბამისად, მისი თქმით, საქმე სხვა სასამართლოს და მოსამართლეს შეეძლო განეხილა.

მოსამართლე ბუგიანიშვილის განმარტებით, საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოსგან აცილება მის კომპეტენციას სცდება.

„ამის კომპეტენცია არც მაქვს, რომც მინდოდეს... სხვა სასამართლომ რომ განიხილოს, ის სასამართლოს შემადგენელი ნაწილი არაა?",- განაცხადა ბუგიანიშვილმა.

რაც შეეხება თავად მოსამართლის აცილების საკითხს, ბუგიანიშვილის განმარტებით, მან საპროცესო კოდექსის თანახმად გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და რაიმე სახის აზრი მას ელისაშვილთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს, არც ბრალდებულთან აკავშირებს რაიმე სახის ნაცნობობა. ბუგიანიშვილის თქმით, ეს საქმე მისთვის ერთ-ერთი რიგითია და გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად იღებს.

მოსამართლისა და სასამართლოს აცილების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, ელისაშვილს არავინ ედავება, რომ კონკრეტულ ერთ შენობაზე, ან კონკრეტულ ერთ, ორ მოსამართლეზე იყო მისი ქმედება განხორციელებული. პროკურორის თქმით, ელისაშვილის ძალისხმევა ზოგადად სასამართლო სისტემისკენ იყო მიმართული.

ბერძენიშვილის განმარტებით, მოსამართლის მიერ განხორციელებული პროცედურული საკითხი სრულად იყო დაცული.

ამ წუთებში სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს