აცხონოს ჩვენი პატრიარქი. დარწმუნებული ვარ, ზედა საქართველოდან ილოცებს, ქვედა საქართველოში ის უბედურება დამთავრდეს, რაშიც ვართ და ვცხოვრობთ, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან საკუთარი სიტყვა სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო. აღნიშნულის შემდეგ მან სიტყვით პროკურორს მიმართა.
„პროკურორთან მაქვს ორი კითხვა, ჩემი ოჯახის ლეპტოპები და ტელეფონები გაქვთ წაღებულია 4 თვეა, გითხრეს პაროლები და ყველაფერი, როდის დაუბრუნებთ? რას ეძებთ? თქვენი ხელმოწერით, მე-4 თვეა, მაწვალებენ ციხეში, არ მაქვს ზარის და ოჯახთან შეხვედრის უფლება. ალბათ, თქვენ ფიქრობთ, ტელევიზიებთან უნდა ვრეკო და ამიტომ მიკრძალავთ. ოჯახის წევრებთან მინდა შეხვედრა, მოვესიყვარულო ჩემს შვილებს და მეუღლეს. იმ ციხეში მილიონი აკრძალვაა, მაგრამ ის ლოგიკურია, მაღალი რისკის ციხეა, მძიმე კონტინგენტია ჩემი ჩათვლით და აკრძალვები მესმის, მაგრამ მოწმეებზე ზეწოლას მოახდენო რომ მეუბნებით, და ამის გამო მიკრძალავთ მეუღლესთან და შვილებთან შეხვედრას, მილიონი კამერის თვალწინ, ეს ამიხსენით. ეს არის მავნებლობა, რომ მაქსიმალურად მაწვალოთ ციხეში. როგორ არის შესაძლებელი ფიზიკურად, ტექნიკურად მოწმეზე ზემოქმედება?"- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.