ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026

ანდერძი და ბოლო სურვილი: პატრიარქ ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ოპოზიციის და ხელისუფლების “წითელი ხაზები” - ვინ რა კომპრომისზეა წამსვლელი დიალოგის დაწყებისთვის

გაიხსნება თუ არა კიდევ ერთი ფრონტი კუბის მიმართულებით - “კუბაში იქნება ფერადი რევოლუცია”

* * *

ანდერძი და ბოლო სურვილი: პატრიარქ ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. სამძიმრის წერილები, ადგილობრივი და საერთაშორისო სოლიდარობა კი ხაზს უსვამს მისი გავლენის მასშტაბს საქართველოში და მსოფლიო მართლმადიდებლურ თანამეგობრობაში. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) საზოგადოებას წმინდა სინოდის განჩინება გააცნო. წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა... მართლმადიდებელი ქრისტიანები 49 წლიანი პატრიარქობის შემდეგ, ილია II -ს ემშვიდობებიან. პატრიარქის სურვილი მეუფე იობმა გააჟღერა - ილია მეორემ ახლობლებს განუცხადა, რომ სიონის ტაძარში დაეკრძალათ. მანამდე პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. რაც შეეხება გლოვის დღეებს, მთავრობის გადაწყვეტილებით ის კვირის ჩათვლით დაკრძალვამდე გაგრძელდებ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ანდერძი და ბოლო სურვილი: პატრიარქ ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

“წმინდა სინოდის დაწყებამდე, მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქის სურვილი იყო ახალი პატრიარქის არჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულიყო. “მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ აუცილებელია, რომ პატრიარქის არჩევა ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მოხდეს. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ვიღაც-ვიღაცეებს შეიძლება ჰქონდეთ ამის სურვილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს პირველი მომენტი დგება ცხოვრებაში და... მე გუშინ განვაცხადე, და ეს მარტო ჩემი აზრი არ იყო, პატრიარქმა მითხრა თავის დროზე, რომ მე ეს უნდა მეთქვა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და პატრიარქი უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა სრულიად თავიანთი გადაწყვეტილებით... როცა მოსაყდრის თემა იდგა ჩვენ გვქონდა საუბარი და მან თქვა, რომ რა იქნება ჩემს შემდეგ მაფიქრებს ძალიანო. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი - ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება!”, - განაცხადა მეუფე ზენონმა. შეგახსენებთ, 2017 წელს, ილია მეორემ თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა”, - აღნიშნავს გამოცემა.

ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 1933 წლის 4 იანვარს გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა, ქალაქ ვლადიკავკაზში. 1977 წლის 23 დეკემბერს სიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 კრებაზე ილია შიოლაშვილი, რომელიც იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, ეკლესიის მეთაურად აირჩიეს. მან მიიღო წოდება - “უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი”; მოგვიანებით ამ წოდებას დაემატა “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი”... ილია II-ის გარდაცვალების გამო არ წყდება მწუხარების წერილები, განცხადებებს ავრცელებენ აშშ-ის, შვედეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, სლოვაკეთის ლიტვის საელჩოები და ამ ქვეყნების სია კი უფრო იზრდება. სამძიმრის წერილს ავრცელებს რუსეთის პატრიარქი. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. “მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომელმაც ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა”, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში...

ოპოზიციის და ხელისუფლების “წითელი ხაზები” - ვინ რა კომპრომისზეა წამსვლელი დიალოგის დაწყებისთვის

“ხელისუფლება დიალოგში შესვლის წინაპირობად ოპოზიციის მხრდან მისი ლეგიტიმაციის აღიარებას ითხოვს - “ოცნების” ოპონენტები კი ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. არის თუ არა რომელიმე მხარე კომპრომისებზე წამსვლელი - ჯერჯერობით კონტურები არ იკვეთება. ანალიტიკოსები ფოქრობენ, რომ ამ პოლიტიკური მოცემულობით, ხელისუფლება არც ახალ საპარლამენტო არ ჩანიშნავს და არც პატიმრებს გაათავისუფლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ანალიტიკოსებს ეეჭვებათ, რომ მათ ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ. “ლელოში” აცხადებენ, რომ დიალოგი ორი საკითხის გარშემო შეიძლება. “კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია დიალოგით ორი საკითხის გარშემო: ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება”, - განაცხადა “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს ახალი ოპოზიციური ალიანსიც, თუმცა, მმართველ პარტიასთან დიალოგის დაწყება არ სურს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოპოზიციის და ხელისუფლების “წითელი ხაზები” - ვინ რა კომპრომისზეა წამსვლელი დიალოგის დაწყებისთვის.

“15 მარტს "ლელომ" განაცხადა, რომ “აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და “ქართული ოცნების” მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა”. “ლელოს” შეთავაზება კი “ოცნებამ” არ მიიღო. განაცხადეს, რომ “კონსტიტუციის დამრღვევებთან და სისხლის სამართლის დამნაშავეებთან” დიალოგს არ აპირებენ. მანამდე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერებმა “ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი”. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ამ მოცემულობით ჩანს, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წამსვლელი არაა. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეც მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” არც ახალ არჩევნების დათმობაზე წავა და არც პატიმრების გათავისუფლებაზე.

“ქართული ოცნება” იგივე პოლიტიკას აგრძელებს, როგორიც ბოლო პერიოდში ჰქონდა და არანაირი მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება ამ პოლიტიკაში რაიმე შეიცვალოს, ჩემი აზრით, ჯერჯერობით არაა. ხელისუფლებამ არ მგონია ნაბიჯი გადადგას. ერთ-ერთი ნიშანდობლივი ისიცაა, რომ ხელისუფლება სანამ რაიმე კომპრომისზე წავა, ლეგიტიმაციას ითხოვს და ოპოზიცია რომ ამ კომპრომისზე წავიდეს, არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ხელისუფლება რაიმე საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. ოპოზიციას მოთხოვნები აქვს, რადგან ხელისუფლებას არ ენდობა, რაც სრულიად ბუნებრივია. ითხოვს, რომ ჯერ პოლიტპატიმრები გათავისუფლდეს, ანუ ხელისუფლებამ რაიმე რეალური ნაბიჯი გადადგას იქითკენ, სადაც გამოჩნდება, რომ რაღაცნაირად ის მზადაა, რომ თავისი პოლიტიკა შეცვალოს და შემდეგ შეიძლება რაიმე სერიოზულზე ლაპარაკი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მოხერხდეს. ოპოზიციას სხვა არაფერი არ შეუძლია. ოპოზიციის ხელში არანაირი სხვა მექანიზმი არაა გარდა იმისა, რომ ამ მოთხოვნებს ინარჩუნებს. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და პირველ რიგში მან უნდა გადადგას რაიმე ნაბიჯი, თუ მას სერიოზულად და რეალურად აქვს მიზანი იმის, რომ პოლიტიკა შეცვალოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ახალი არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს და არც დაინიშნება 2028 წლამდე, რადგან ამის არავითარი შესაბამისი პირობები არ არსებობს. ერთი რამ მაკვირვებს - თუ ხელისუფლება არალეგიტიმურია, როგორ ანიშნინებ მას არჩევნებს, ის დანიშნული არჩევნები ლეგიტიმური იქნება? არ ვიცი საქართველოში პოლიტპატიმარი ვინაა, პოლიტპატიმარია ის ხალხი, ვინც პარლამენტის შენობას უტევდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა? რომელმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ეს პოლიტპატიმარია და ეს არაო? ვინმეს წარმოუდგენია, რომ ხოშტარია პოლიტპატიმარია? რომელმაც კანონი სპეციალურად დაარღვია და ციხეში ჩაჯდა, ანდაც სხვები. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ ორ საკითხზე არცერთ შემთხვევაში არ წავა. თუ წავა, ეს იქნება სახელმწიფოსთვის ყელის გამოჭრა. ოპოზიცია, რომელშიც ის 9 პარტიაა გაერთიანებული, ესენი ყველანი “ნაცმოძრაობაა”. ენმ-სა და მისგან გამომავალ პარტიებზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, ამათი აკრძალვის შესახებ და ესენი ცდილობენ რამენაირად საკუთარი თავი გადაირჩინონ. მათ გინდა თქვან, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურიაო, გინდა არა, ეს არაფერს არ ცვლის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

გაიხსნება თუ არა კიდევ ერთი ფრონტი კუბის მიმართულებით - “კუბაში იქნება ფერადი რევოლუცია”

“ძალიან მალე რაღაცას გავაკეთებთ კუბასთან მიმართებაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა. კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი კი ამბობს, რომ ნებისმიერი გარე აგრესორი მტკიცე წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება. “აშშ კუბას ყოველდღიურად ემუქრება, რომ ძალის გამოყენებით კონსტიტუციურ წესრიგს დაამხობს. ამის წინაპირობად კი დასუსტებულ ეკონომიკურ მდგომარეობას იყენებს, რომელსაც თავს ესხმის და ბოლო ექვსი ათწლეულია იზოლაციაში აქცევს”, - წერს მიგელ დიას-კანელი “იქსზე”. მისი თქმით, აშშ კუბაზე კონტროლის დამყარების მიზნით გეგმის გამოცხადებას გეგმავს. “ისინი ჩვენი ეკონომიკის ბოლომდე დასუსტებას ცდილობენ, რათა დანებება გვაიძულონ. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას მათი სასტიკი ეკონომიკური ომი, რომელსაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ კოლექტიურ სასჯელად იყენებენ”, - აცხადებს კუბის პრეზიდენტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გაიხსნება თუ არა კიდევ ერთი ფრონტი კუბის მიმართულებით - “კუბაში იქნება ფერადი რევოლუცია”.

“დონალდ ტრამპის თქმით, “კუბა ამ მომენტში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მარკო რუბიოს ელაპარაკებიან და ძალიან მალე რაღაცას ვიზამთ კუბასთან მიმართებაში. ძალიან ფოკუსირებულები ვართ ამაზე, ვმუშაობთ კუბაზე”. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გადასცა. “კუბას აქვს ეკონომიკა, რომელიც არ მუშაობს და პოლიტიკური მმართველობითი სისტემა, რომელსაც ამის გამოსწორება არ შეუძლია. ასე რომ, მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალონ. ის, რაც გუშინ გამოაცხადეს, საკმარისი არ არის, ამას ვერ გამოასწორებს. ასე რომ, ელოდეთ დიდ გადაწყვეტილებებს ამაზე... რევოლუციის შემდეგ, რომელიც არცაა რევოლუცია, ისინი სუბსიდიების მეშვეობით ცოცხლობდნენ - საბჭოთა კავშირისგან და ახლა ვენესუელისგან. აღარ იღებენ სუბსიდიებს. ასე რომ, დიდ პრობლემებში არიან და ხელისუფლებაში მყოფმა ხალხმა არ იცის როგორ გამოასწოროს ეს”, - განაცხადა რუბიომ. მისივე თქმით, `ასე რომ, ახალი ხალხი უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში", - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ ტრამპი ეცდება კუბაში ფერადი რევოლუციის მოწყობას. “ვერ გეტყვით რას იზამს ტრამპი, თუმცა, ეკვადორში ერთი მიმართულება უკვე გახსნა და კარტელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. ალბათ მოსალოდნელია ის, რომ კარიბის კრიზისი გაიმეოროს და ეცადოს, გარე ზეწოლით რეჟიმი შეცვალოს. ეს ნიშნავს, რომ კუბაში იქნება ფერადი რევოლუცია”, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია, რომლის აზრით, “ის, რომ შევა და პირდაპირ დაარტყამს, ალბათ, გამორიცხულია”,- დასძენს გამოცემა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი