ჩვენ დავკარგეთ ის დიდი მწყემსი, მწყემსი კეთილი, რომელიც ყოველთვის ყველა ადამიანს გაჭირვების ჟამს გვერდში ედგა - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა გაბრიელ ჯიქიამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, სჯერა რომ პატრიარქის ოცნების ახდება და საქართველო გამთლიანდება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
„ყველას ვუსამძიმრებ ამ დიდ ტკივილს. ძალიან მტკივა და ტირის სრულიად საქართველო, საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი. ჩვენ დავკარგეთ ის დიდი მწყემსი, მწყემსი კეთილი, რომელიც ყოველთვის ყველა ადამიანს გაჭირვების ჟამს გვერდში ედგა. კარგად იცით 2008 წლის ომის დროსაც როგორ დაუდგა თითოეულ საქართველოში მცხოვრებს, ჯარისკაცებს გვერდით და როგორ განიცდიდა ამ ყოველივეს. მისთვის ეს დიდი ტკივილი იყო. ჩვენთვისაც ძალიან დიდი ტკივილია ის, რომ ჩვენ გვერდით არ არის, მაგრამ გვჯერა, გვწამს, ის ჩვენთვის მლოცველია მარად და უკუნისამდე. მუხლმოდრეკილი იდგა ამ ხნის განმავლობაში და ავედრებდა საქართველოს ღმერთს, რომ გამთლიანებული და გაძლიერებული ყოფილი. მჯერა უფრო ახლოს არის ღმერთთან და უფრო შეავედრებს, მოხდება მისი ოცნების ახდენა - ჩვენ შევალთ აფხაზეთში და საქართველო გამთლიანდება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. რაც მისი ოცნება იყო ეს აუცილებლად მოხდება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ძალიან მიჭირს დღეს საუბარი მის უწმინდესობაზე. იმიტომ, რომ ვიცი რა დიდი მამა დავკარგეთ. ღმერთმა ძალა მოგვცეთ ყოველივე ჩვენგანს და შეგვიმსუბუქოს ეს ტკივილი.
ერთს გავიხსენებ - ძალიან ცუდად ვიყავი, პრობლემები მქონდა, წლების წინ და მივედი მასთან, ვუთხარი: „თქვენო უწმინდესობა, თქვენ ჩემთვის ხართ დიდი ბაბუ- მეთქი, მე კი თქვენი ერთი უჭკუო შვილიშვილი და გეხვეწებით მომიხსენიეთ -მეთქი, გამაძლიერეთ-მეთქი“. მაშინ ჩამიკრა გულში და მითხრა: „ღმერთი ჩვენთან არის და ნურაფრის გეშინიაო“. სულ როგორც დიდ ბაბუს, ასე ვეძახდი. მართლა ჩემი მიწიერი მფარველი ანგელოზი იყო. მე დავკარგე მიწიერად ის, რაც მტკივა. ვიცი, რომ ზეციდან ყოველთვის შემეწევა. ღმერთმა გაგვაძლიეროს“, - აღნიშნა მამა გაბრიელ ჯიქიამ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა მის დაკრძალვამდე გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.