მამა ნაზარ ბასილაია - პატრიარქი იყო ყველას გულშემატკივარი, ყველას ჭირისუფალი - ილია მეორე გახლავთ მთელი ეპოქა მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის, ქედს ვიხრით მისი ხსოვნისა და ღვაწლის წინაშე

ილია მეორე გახლავთ მთელი ეპოქა ჩვენი საზოგადოებისთვის და მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ ქედს ვიხრით მისი უდიდესი ხსოვნისა და იმ დიდი ღვაწლის წინაშე, რომელიც მან 49-წლიანი პატრიარქობის პერიოდში გასწია - პატრიარქი იყო ყველას გულშემატკივარი, ყველას ჭირისუფალი,- ამის შესახებ მამა ნაზარ ბასილაიამ სამების საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მამა ნაზარმა საუბრისას აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ პატრიარქის მიერ „ჩაყრილი საფუძველი იმ დიდი სულისკვეთებისა, რომელსაც ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მსახურება ერქვა, გაგრძელდება მრავალჟამიერ ჩვენს ქვეყანაში“.

„ეს არა მარტო საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეებია. თქვენ ხედავთ უპრეცედენტო სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც არ წყდება. მისი უწმინდესობის გარდაცვალების დღიდან, დღემდე ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა სამების საპატრიარქო ტაძარში.

მოგეხსენებათ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, გახლავთ მთელი ეპოქა, მთელი ეპოქა ჩვენი საზოგადოებისთვის და მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ ქედს ვიხრით მისი უდიდესი ხსოვნის და იმ დიდი ღვაწლის წინაშე, რომელიც მან 49-წლიანი პატრიარქობის პერიოდში გასწია. ის თითქმის ნახევარი საუკუნე ივერიის უძველესი ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო. თქვენ ხედავთ ეკლესიის გაცოცხლების, აღორძინებისა და შეიძლება ითქვას, რომ ახალი სულის შთაბერვის უპრეცედენტო მაგალითს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის.

დღეს ყველა ქართველისთვის უმძიმესი დღეა და არა მარტო დღეს, არამედ ეს დღეები. მის უწმინდესობას პატივს მიაგებს საქართველოს თითქმის, ყველა მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა, ეთნოსისა თუ მრწამსისა. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი მისი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდი, როგორც რიგითი სასულიერო პირი იმ მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩაყრილი საფუძველი იმ დიდი სულისკვეთებისა, რომელსაც ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მსახურება ერქვა, გაგრძელდება მრავალჟამიერ ჩვენს ქვეყანაში.

დღეს, მარტო სოციალურ ქსელებს რომ მივადევნოთ თვალყური, ჩვენ ვერ ვნახავთ ადამიანს, რომელსაც რაღაც პირადი კავშირი არ ჰქონია მის უწმინდესობასთან. განურჩევლად მისი პროფესიისა და მოქალაქეობრივი მსახურებისა, არ არსებობს ადამიანი არცერთ პროფესიაში, ერთხელ მაინც რომ არ ჰქონოდა პატრიარქთან გადაკვეთა. ეს არის სწორედ ის, რაც უფრო მეტად დიდს ხდის მის პიროვნებას.

მათ შორის, მეც, როგორც რიგით სასულიერო პირს, რომელიც მისი პატრიარქობის დროს და საპატრიარქო ლავრაში ხელდასმის პერიოდში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობის დროს არაერთი ისტორიის გახსენება შემიძლია, რომელიც მასთან მაკავშირებდა. ასევე, ის სოციალური საქმიანობა, რომელშიც მისი ლოცვა-კურთხევით უკვე 11 წელზე მეტია ვმსახურობ. თითოეული ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის ცხოვრებაში ის ჩართული იყო. ყველა დაავადებული ბავშვის ისტორიას ვაცნობდით. პატრიარქი იყო ყველას გულშემატკივარი, ყველას ჭირისუფალი.

ილია მეორის არაერთი ინიციატივა არის, რომელიც დღემდე გრძელდება. რეალურად, ყველაზე მთავარი ეს იყო ერის გაერთიანების იდეა. ჩემთვის, პატრიარქის გამორჩეული ღვაწლის დეტალები რომ ვთქვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტოკეფალიის ტომოსის მიღება იყო 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან. ასევე, ძალიან საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული კონკორდატი, რომელიც მისი პატრიარქობის ერთ-ერთი დამსახურებაა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მას წვლილი აქვს შეტანილი, რომ საქართველოში აკრძალულიყო სიკვდილით დასჯა. ეს ფუნდამენტური სამი საკითხი მის სახელს უკავშირდება. შემდეგ უკვე სხვა ბევრი ინიციატივაა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საქმე არის ის, რომ ჯერ კიდევ სიონში მოღვაწეობის დროს, დააწესა, რომ თითოეულ სოციალურად დაუცველ ოჯახზე მრევლს ეზრუნა. ასევე, ყველა ადამიანს, ვინც ქრისტიანად თვლიდა თავს, ჰქონოდა ყოველდღიური კავშირი გაჭირვებულ ადამიანებთან“,- განაცხადა მამა ნაზარ ბასილაიამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი