გამომძიებლის ჩვენება რომ ვნახე, საკუთარ თავს თავად მივუსჯიდი მაქსიმალურ სასჯელს - მაგრამ აქ რომ მოვიდა, ვერავინ ამოიცნო და ძალადობა ვერავის დააბრალა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა გენერალმა ლაშა ბერიძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ლაშა ბერიძის აღნიშნული განცხადების მიზეზი, მოსამართლის მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება გახდა, კერძოდ, პროკურატურამ სასამართლოს მტკიცებულებების უდავოდ გახდის შუამდგომლობა გააცნო.
ლაშა ბერიძის თქმით, მათ სურთ, რომ სასამართლო პროცესზე დაიკითხოს ყველა პირი, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
"უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, თავი დავიცვათ. წინა სხდომაზე პროკურორმა მთავარი მოწმედ მოიყვანა გამომძიებელი. მისი ჩვენება ვინმეს რომ ენახა, 6-დან 9-წლამდე კი არა, უფრო მეტი შეიძლებოდა, მოესაჯა ადამიანს, მაგრამ ისეთ კარგ მოწმეს, როგორიც ის გამომძიებელი იყო, დაცვის მხარე, ნორმალურ პირობებში ვერ ინატრებდა. კაცი გამოვიდა და თქვა: “ვიღაცებმა ღობე გადაანგრიეს და მათი ვიდეო არ ამოვიღე, გავაქრეო, არ ამოვიცანიო“ - ეს ჩვენთვის სასარგებლოა. ჩვენ გვაინტერესებს იგივე სახის მოწმეები, რომ კითხვები დავუსვათ. იმ კაცმა დაადასტურა, ჩვენს სასარგებლოდ, რომ არ გააკეთა ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებმაც ღობე გადაანგრიეს, არ ამოიღო ვიდეო კადრები, რომელიც ამას დაადასტურებდა და არ შეეცადა, რაიმე დამადასტურებელი გარემოება მოეძებნა. არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარა. ეს ჩვენს სასარგებლომ მეტყველებს. ჩვენ გვინდა ყველა მოწმე მოვიდეს და დაიკითხოს. გამომძიებლის ჩვენება რომ ვნახე, საკუთარ თავს თავად მივუსჯიდი მაქსიმალურ სასჯელს. მაგრამ აქ რომ მოვიდა , ვერავინ ამოიცნო და ვერავის დააბრალა ძალადობა. მან მიკერძოებული გამოძიება ჩაატარა. იქ იყო ჯგუფი, რომელმაც საბოტაჟი მოაწყო. 6 თვეა ციხეში ვართ და გამომძიებელს, ადამიანები, რომლებმაც მართლა ძალადობა ჩაიდინეს, იდენტიფიცირებული არ ჰყავს.
ადამიანები, რომლებიც გამოძიებაში იყვნენ ჩართულები და აცხადებენ, რომ საქმე გამოიძიეს გვინდა, რომ მოვიდნენ და გამოიკითხონ",- განაცხადა ლაშა ბერიძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.