თქვენი გადაწყვეტილებით შემიზღუდეთ მარტივი უფლება, რომ თანასწორუფლებიანად დავიცვა თავი ,- ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლეს.
ბრალდებულმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიმართ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც მოსამართლემ გამოსაკვლევ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ისინი უდავო გახადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს ობიექტურობასთან გაჩენილი კითხვები ობიექტური იქნება.
"მე არ მაქვს წინასწარი განწყობა ნეგატიური ან პოზიტიური, სასამართლოს მიმართ, კონკრეტულად თქვენს მიმართ, რადგან ვთვლი, რომ უდანაშაულოდ ვზივარ, მაინც თქვენი გადასაწყვეტია ყველაფერი, მაგრამ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით [მოსამართლის მიერ, პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, მტკიცებულებების უდაობასთან დაკავშირებით] შემიზღუდეთ მარტივი უფლება, რომ თანასწორუფლებიანად დავიცვა თავი. ორი მაგალითის მოყვანა შემიძლია, ამ საქმეში არიან მოწმე გამომძიებლები, რომლებმაც ვიდეო მტკიცებულებები დაათვალიერეს და ვიდეოს აღწერილობაში წერს, რომ ჩხვირკია ხელის მოქნევით სხვას მოუწოდებდა, რომ რეზიდენციის შენობისკენ გადანაცვლებულიყვნენ. მე მინდოდა გამეგო, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია ან რა ცოდნა აქვთ, ან რას დაეყრდნენ, როდესაც ვიდეო მტკიცებულება აღწერეს. ამ პირობებში, როდესაც პროკურატურამ ასეთი ხალხი არ მოიყვანა და ჩვენ არ გვაძლევთ ამ ადამიანების მოყვანის საშუალებას, ფაქტობრივად დაცვის უფლება მაქვს შეზღუდული. ახლა ლეგიტიმური იქნება, კითხვები სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით. მადლობა, რომ ზოგიერთი მოსამართლესავით ჩაქუჩს არ გვესვრით",- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.