ყველაზე დიდი პატივისცემა პატრიარქის ხსოვნისა და მემკვიდრეობის სწორად გააზრება იქნება, თუ ხელისუფლება გადადგამდა რამდენიმე მნიშვნელოვან, არსებით კომპრომისულ ნაბიჯს, რაც განმუხტავდა ქვეყანაში ვითარებას, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, „თუ ჩვენ გვაქვს პატრიარქის ხათრი, დიდი შერიგება უნდა მოხდეს, რისკენაც „პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას მან, ვის ხელშიც ბერკეტებია“.
„ყველაზე დიდი პატივისცემა მისი ხსოვნის მიმართ, მისი მემკვიდრეობის მიმართ იქნებოდა, თუ ვის ხელთაც არის ძალაუფლება, ანუ დღევანდელი ხელისუფლება, დათმობს და წავა გონივრულ კომპრომისზე საქართველოში დიდი ეროვნული თანხმობისთვის. თუ ის ამ პირველ ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენც გადავდგამთ. არ მაქვს არავითარი მანდატი ოპოზიციის მხრიდან, რომ ვთქვა, ვინ რა ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მჯერა, მოიძებნებიან ასეთი ადამიანები. ვალდებული ვართ, თუ ეს ვერ გავაკეთეთ აქამდე, გავაკეთოთ ახლა, როცა ძალიან განსხვავებული და უცნაური შანსი მოგვეცა - გადავდგათ ნაბიჯები დიდი ეროვნული თანხმობის მისაღწევად საქართველოში, სამართლიანობის საზეიმოდ.
ყველაზე დიდი პატივისცემა პატრიარქის ხსოვნისა და მისი მემკვიდრეობის სწორად გააზრება და საქართველოსთვის ყველაზე სასიკეთო ნაბიჯის გადადგმა, დღეს ამ ვითარებაში, იქნებოდა სწორედ ის, თუ ხელისუფლება გადადგამდა რამდენიმე მნიშვნელოვან, არსებით კომპრომისულ ნაბიჯს, რაც განმუხტავდა ქვეყანაში ვითარებას და შექმნიდა თვისობრივად ახალ გარემოს იმისთვის, რომ არა მოჩვენებითი, არამედ რეალური დიალოგი დაწყებულიყო საქართველოში სამართლიანი მშვიდობის, სამართლიანობის და ნორმალურობის მისაღწევად.
ცხადია, საპატრიარქოს და მომავალ პატრიარქსაც, ვინც იქნება, [ღვთის წყალობით არჩევა მოხდება, ასევე, სამართლიანობის გარემოში და ღვთის კარნახითა და ნებით ], სასულიერო დასი, საპატრიარქო, ამას სინოდი ხელს შეუწყობს. თუკი რამე მახსოვს, თუკი რამე ყოფილა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში, პატრიარქის მხრიდან იყო არა უბრალოდ მოწოდება, არამედ პირდაპირი, ფიზიკური მონაწილეობა, რომ შერიგება მომხდარიყო და საჭირო დროს კომპრომისი გამონახულიყო. მე, როგორც ადამიანს, რომელიც რაღაც გარემოების გამო ვიცნობდი მას, ვაძლევ თავს უფლებას ვთქვა, რომ ამით ჩვენ მის სულს გავახარებდით, რომ დღეს ამაზე გვეზრუნა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
პოლიტიკოსის თქმით, როცა ილია მეორე მოუწოდებდა, ნაბიჯს თავადაც დგამდა.
"პატრიარქის უნიკალურობა იცით რაში იყო? ის როცა მოგიწოდებდა, თან თვითონ ნაბიჯს დგამდა. ეს არის მთავარი ყოველთვის. მე შეიძლება თქვენ აქ გითხრათ, მაგრამ გავიდე და საპირისპირო ვაკეთო. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ჩვენი ბაგეებით მოვუწოდეთ მშვიდობისკენ, ერთობისკენ, თანხმობისკენ, რაც არაერთხელ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდანაც, არამედ გადავდგათ ნაბიჯი", - აცხადებს ახვლედიანი.