სამების საკათედრო ტაძარში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მივიდა.
პოლიტიკოსი სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, ის ერთიანობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ფუნდამენტი უნდა გახდეს, რომლითაც ძლიერი და ერთიანი საქართველო უნდა აშენდეს.
„პატრიარქმა ერის გაერთიანება შეძლო, თუნდაც დღევანდელი დღით. ვისურვებდი, რომ ეს ერთიანობა იყოს ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ ძლიერი და ერთიანი საქართველო უნდა ავაშენოთ.
მან ბევრი რამ გააკეთა ცხოვრების განმავლობაში, ეპოქალური ადამიანი იყო და დიდია მისი წვლილი საქართველოს ავტოკეფალიის საერთაშორისოდ აღიარებაში, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ფუნდამენტი და საფუძველია. ის, თუ როგორ მიაგებს მას ქართველი ერი პატივს, მის პიროვნებაზე მიანიშნებს.
ამიტომ, მინდა ქვეყანაში ერთიანობა ვისურვო, რომლისთვისაც ის ძალიან ხშირად საუბრობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ამ ერთიანობას, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, საფუძვლად დავუდებთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-თვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდზე არ წყდება მოქალაქეთა ნაკადი. ილია II-თვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.