სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II ასვენია, გადაადგილება სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი. ამ დროისთვის, ტაძრის ეზოსა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შესაბამისი ზომების გამო, მოქალაქეებს აღარ უშვებენ. სამების საკათედრო ტაძართან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა, ამ დროისთვის, სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა პატრიარქის გამოსვენებისას, 15:00 საათიდან, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო მსვლელობისას.
სამების საკათედრო ტაძარში შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან სასულიერო პირებიც. სამების საკათედრო ტაძარში დამონტაჟებულია სპეციალური ეკრანები, სადაც შესაძლებელია სრულ მსახურების პირდაპირ ეთერში ყურება.
ამასთან, ტაძარში წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
15:00 საათზე პატრიარქს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.