ბართლომეოს I - ღმერთმა ღირს ჰყო ილია  მეორე, რომ საქართველოს ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან - ეკლესიას მოაკლდა ბრძენი მესაჭე, სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი

ღმერთმა ღირს ჰყო [ილია მეორე], რომ საქართველოს ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, სიმშვიდითა და დამღუპველი მშფოთვარე მღელვარებების გარეშე, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ყოვლადუწმინდესმა ბართლომეუსმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორის დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე.

„1990 წლის 4 მარტს, ჩემი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსთან საქართველომ მიიღო უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. ასევე, იმავე წლისა და თვის 30 რიცხვში, ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოველადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში, მწყემსმთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს, ოფიციალურად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩემ მიერ, როგორც იმხანად ქალკედონის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა, ხელმოწერით დავადასტურე ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი.

ასევე, ღმერთმა ღირს ჰყო იგი, რომ საქართველოს ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, სიმშვიდითა და დამღუპველი მშფოთვარე მღელვარებების გარეშე. საძირკვლიდან აღედგინა იგი, სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება ან ძველთა საძირკვლიდან აღდგენა, ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობები და დიალოგები, განხეთქილებისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა, შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნულ ცხოვრების ჯგუფებს შორის, ხალხის და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა და განმტკიცება კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომელშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა და ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოველის მპყრობელი უფლის სულით“, - განაცხადა ბართლომეოს პირველმა.

ამასთან, როგორც მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, „ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი“.

"ღირსეულად, დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი, კეთილი მწყემსი, რომელიც ყოველდღიურად თავგანწირვით იღვწოდა სამწყსოსათვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე, როგორც მცირედთ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან. „ღირსია მუშაკი, რომ პატივი მიეგოს“, - პირველი ტიმოთე, მეხუთე თავი, მეთვრამეტე მუხლი. ვინახავთ კეთილ მოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას, მართლმადიდებელ მღვდელმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელსაც სათანადო წესით ჩვენ პერიოდულად ვიწვევდით, განსაკუთრებით კი 2014 წლის მარტის შეკრება, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა ისე, როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები. მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიო საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი, მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული, სრულად იქნა დაფასებული. მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არცთუ შორს მიმდინარე, მრავალი ცრემლის მომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავი, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი და პატივსაცემი ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე", - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო