სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. ის უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქემ გააცილა.
„გვიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესი სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც ის 18 მარტიდან იყო დასვენებული და სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს.

სიონის ტაძარში დაკრძალვა თავად უწმინდესის სურვილი იყო, რაც წმინდა სინოდის მხრიდან აღსრულდა. აღსანიშნავია, რომ 1977 წლის 23 დეკემბერს, სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი განიხილა, მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 49 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1977 წელს, მისი პატრიარქად აღსაყდრებისას საქართველოში მხოლოდ 7 ეპარქია მოქმედებდა, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია, ხოლო იყო 80-მდე სასულიერო პირი, დღეს კი ქვეყანას 49 ეპარქია აქვს, მათ შორის 7 საზღვარგარეთ, ხოლო ჰყავს 3 ათასზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა.