როგორ აკეთებენ დიდ საქმეებს დიდი ადამიანები!
იქნება თუ არა შეწყალება - პატრიარქის სურვილი და შესაძლო პოლიტიკური გადაწყვეტილება
ლაშა ჟვანია - “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა”
ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
მამუკა მამულაშვილი - “აქ, საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას”
* * *
როგორ აკეთებენ დიდ საქმეებს დიდი ადამიანები!
“რა დიდი ტკივილია ეს განშორება, მაგრამ რამხელა მფარველი დაემკვიდრა ზეციურ საქართველოში, უკვე რომ გრძნობ ამ ძალას, ამ მეოხებას უფლის წინაშე... როგორ შეავედრებს დედა ღვთისმშობელს თავის სალოცავ ქვეყანას... საუკუნოდ იყოს ხსენება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისა. ყველაფრისთვის გმადლობთ, ჩვენო პატრიარქო! ყველას მაგივრად გთხოვთ შენდობას იმ ტკივილებისთვის, რაც მოგაყენეთ ჩვენი უგუნურებით. დაგვლოცე, უწმინდესო და უნეტარესო. ახლა? რა იქნება ახლა? ცრემლი და სინანული შევნიშნე ბევრი ისეთი ადამიანის თვალზე, ბაგეზე და გულში, წლების განმავლობაში პატრიარქზე რომ ქილიკობდნენ, ათას სიბინძურეს უგონებდნენ, ლანძღავდნენ... ეს სინანული გაიზრდება, ჩვენს გულებს დაიპყრობს და ერთად მიგვიყვანს უფლამდე... ჯერ სად ხართ - ათასობით ამბავს მოვისმენთ და წავიკითხავთ პატრიარქის ზეადამიანური მიმტევებლობის, სიყვარულის, თანაგრძნობის უნარის შესახებ, მოვისმენთ ბევრ სასწაულებრივ ისტორიას, ჩვენს ფერიცვალებას რომ მისცემს დასაბამს...”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით წაიკითხეთ და გაიაზრეთ, როგორ აკეთებენ დიდ საქმეებს დიდი ადამიანები!
“გაოცებულნი დავრჩებით, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ერთდროულად ამდენის ნუგეშისცემა, მრავალი ათასის თანაგრძნობა, სიყვარული... და მათ, ვისაც კიდევ შერჩათ ბოროტი აზრები, ფიქრები, სასწაულებრივად განეწმინდებათ გულები, გონება, მადლით აევსებათ და იხარებენ უფლისმიერი სიხარულით... გვეშინიაო, ბევრი წერს, პატრიარქის გარეშე დარჩენის შიში გვაქვსო, რა გვეშველებაო. და ვინ თქვა, რომ მის გარეშე უნდა ვიყოთ? მაშ, სად არის ჩვენი რწმენა? მოვემზადოთ, ჩვენ ყველანი ერთად ვიხილავთ დიდი პატრიარქის უფლის წინაშე მეოხების საქმეებს. ნურაფრის გეშინიათ! დიდ არს უფალი ღმერთი ჩვენი და დიდია მის წინაშე რწმენით აღსრულებული საქმეების შედეგები. გარდაცვალებით არ მთავრდება სიცოცხლე! სიცოცხლე გრძელდება! მარადისობაში! დაცარიელდებაო ეკლესია - ნუ ვიტყვით და ნუ ვიფიქრებთ ასეთ რამეს. როგორ უნდა დაცარიელდეს ეკლესია ადამიანის, თუნდაც ასეთი დიდი ადამიანის, გარდაცვალების შედეგად? მაშ, არ გვცოდნია, ეკლესია რა არის... არ გვსმენია, რომ ქრისტეს სხეულია იგი და თავად არის მადლის სისავსე: `სავსებაი იგი, რომელი ყოველსავე ყოვლითა აღავსებს~ (ეფეს. 1:23). სადაც არის ეკლესია, იქ არის სულიწმინდა, მოუკლებელი, დაულევნელი... და ის დიდი ადამიანებიც ამ სულიწმინდის მადლის მოხვეჭით გახდნენ ბუმბერაზნი...”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პატრიარქის ტიტული - “უწმინდესი და უნეტარესი” - მართლმადიდებლურ სამყაროში პატრიარქთა ტიტულატურა ისტორიულ ტრადიციებს, ეკლესიის ავტოკეფალიის ხანდაზმულობასა და კონკრეტულ იერარქიულ პატივს ეფუძნება. აი, რის მიხედვით განსხვავდება ეს მიმართვები: უწმინდესი და უნეტარესი - ეს ორმაგი ტიტული, როგორც წესი, იმ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ეკუთვნით, რომელთა ავტოკეფალიაც უძველესია ან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს ტიტულს “უწმინდესი და უნეტარესი”. ეს ხაზს უსვამს ჩვენი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და იმას, რომ პატრიარქი ერთდროულად არის “უწმინდესი” (როგორც პატრიარქი) და “უნეტარესი” (როგორც კათოლიკოსი). “უწმინდესი” უფრო მეტად პატრიარქის ღირსებას უსვამს ხაზს, ხოლო “უნეტარესი” - ისტორიულ-ადმინისტრაციულ პატივს. როდესაც ეკლესიის მეთაური ორივე ტიტულს ატარებს, ეს მისი ეკლესიის განსაკუთრებულ სტატუსსა და უძველეს წარმომავლობაზე მიანიშნებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ტერმინს “კათოლიკოსი” - მას ძალიან საინტერესო ეტიმოლოგიური და ისტორიული საფუძველი აქვს. ის ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად რამდენიმე მნიშვნელობით ითარგმნება. καθολικός ნიშნავს: საყოველთაოს, მთლიანს, საერთოს. პირი, რომელიც ამ ტიტულს ატარებს, მთელი ეკლესიის, მთელი სამწყსოს საერთო და უმაღლესი მმართველია... დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში კათოლიკოსობა მიუთითებს ეკლესიის დამოუკიდებლობაზე (ავტოკეფალიაზე). საქართველოში ეს ტიტული V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის დროს შემოვიდა (პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე). 1010 წლიდან კი, როდესაც საქართველოს ეკლესიის მეთაურმა პატრიარქის ღირსებაც მიიღო, დამკვიდრდა გაერთიანებული ტიტული: “კათოლიკოს-პატრიარქი”. აქედან გამომდინარე, კათოლიკოსი აღნიშნავს მის ადმინისტრაციულ და სულიერ ძალაუფლებას (საყოველთაო მწყემსმთავრობას). პატრიარქი კი უმაღლეს საეკლესიო პატივს მართლმადიდებლურ სამყაროში... რაც შეეხება ტიტულს - “უწმინდესი და უნეტარესი”, ეს ორმაგი ტიტული საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შედარებით გვიანდელი მოვლენაა, მისი დამკვიდრება რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს უკავშირდება და საბოლოოდ XX საუკუნეში, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წლიდან) დამკვიდრდა. 1917 წელს, როდესაც ავტოკეფალია აღდგა, პირველ კათოლიკოს-პატრიარქს, კირიონ II-ს, მიენიჭა ტიტული “უწმინდესი და უნეტარესი”, - დასძენს გამოცემა.
“კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არის ის იერარქი, რომლის დროსაც ეს ტიტულატურა ყველაზე მეტად განმტკიცდა და საერთაშორისო დონეზეც იქნა აღიარებული. საქართველოს ეკლესია ამ ტიტულს ოფიციალურად მხოლოდ 1990 წელს დაუბრუნდა, როდესაც გადმოგვეცა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მანამდე საქართველოს ეკლესიის გზა 1917 წლის ავტოკეფალიის აღდგენიდან 1990 წლის მსოფლიო აღიარებამდე იყო ნამდვილი “გოლგოთის გზა”, რომელიც სავსეა ტრაგიზმით, პოლიტიკური ინტრიგებითა და დიდი სულიერი გამძლეობით. 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთაში, ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის ეგზარქოსობა დაამთავრა; პირველ პატრიარქად აირჩიეს კირიონ II (რომელიც მალევე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს მარტყოფის მონასტერში); დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921) წლებში ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის გვერდით იყვნენ. ეკლესიამ დაიწყო რეფორმები, სკოლებში რელიგიის სწავლება და ქონების დაბრუნება. თუმცა, მსოფლიო მართლმადიდებლობამ მაშინვე არ ცნო ეს ნაბიჯი, რადგან რუსეთის ეკლესია აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესებს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია ფიზიკური განადგურების წინაშე დადგა... ამ პერიოდში ინტენსიურად მიდიოდა ეკლესიების ნგრევა: ათასობით ტაძარი დაიხურა, გადაკეთდა საწყობებად ან კინოთეატრებად. სამღვდელოება მასობრივად დახვრიტეს ან გადაასახლეს. ეკლესია სრულ იზოლაციაში მოექცა - არ ჰქონდა კავშირი გარე სამყაროსთან”, - წერს სტატიის ავტორი.
“მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა სტრატეგია შეცვალა და ეკლესია პატრიოტული მიზნებისთვის გამოიყენა. 1943 წელს მოსკოვის პატრიარქმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ეს იყო იურიდიული წინსვლა, თუმცა რეალურად ეკლესია სუკ-ის მკაცრი კონტროლის ქვეშ დარჩა. 60-70-იან წლებში ეკლესიაში მძიმე მდგომარეობა, სულიერი კრიზისი იყო. მღვდლების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, ტაძრები ცარიელი იყო, ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებდა ეკლესიის ავტორიტეტის დასაცემად... 1977 წელს პატრიარქად ირჩევენ ახალგაზრდა მეუფე ილიას (შიოლაშვილს). აქედან იწყება გარდამტეხი ეტაპი: დაიწყო ახალგაზრდების მოდინება ეკლესიაში, გაიხსნა სემინარიები, აღადგინეს ტაძრები, აიგო ასობით ახალი ტაძარი. ილია II-მ დაიწყო ხანგრძლივი დიპლომატიური მუშაობა კონსტანტინოპოლთან. მან დაამტკიცა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა 1917 წელს კი არ დაიწყო, არამედ V საუკუნის უფლება იყო. ილია II-მ მიზნად დაისახა ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა. მან დაიწყო ინტენსიური მიმოწერა და შეხვედრები მსოფლიო პატრიარქთან. საბოლოოდ, 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა არა მხოლოდ 1917 წლის აქტი, არამედ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ჯერ კიდევ V საუკუნეში ჰქონდა მინიჭებული ანტიოქიის ეკლესიისგან. 1990 წლის 4 მარტს მსოფლიო პატრიარქმა ხელი მოაწერა ტომოსს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“კონსტანტინოპოლის დოკუმენტში ხაზგასმულია: საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის; მცხეთის საყდარი არის საპატრიარქო პატივის მქონე; მწყემსმთავარი ატარებს “უწმინდესისა და უნეტარესის” ტიტულს. ამ აღიარებით დასრულდა თითქმის 200-წლიანი პერიოდი (1811 წლიდან), როდესაც ჩვენი ეკლესია საერთაშორისო დონეზე იურიდიულად “გაუქმებულად” ან “თვითგამოცხადებულად” (1917 წლიდან) ითვლებოდა. რომ არა 1917 წლის ვაჟკაცური ნაბიჯი, საქართველოს ეკლესია დღეს შესაძლოა ისევ რუსეთის ეკლესიის ნაწილი ყოფილიყო. ხოლო რომ არა 1990 წლის ტომოსი, ჩვენი ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლურ ოჯახში “სრულუფლებიან წევრად” არ ჩაითვლებოდა. ეს 73 წელი იყო ბრძოლა იმისთვის, რომ მსოფლიოს ეღიარებინა: საქართველოს ეკლესია არა რომელიმე ეკლესიის “ფილიალი”, არამედ ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი საყდარია. 1917 წლის გმირული თავგანწირვის ეპოქის პატრიარქის, კირიონ II-ის საფლავიც სიონის საკათედრო ტაძარშია, 22 მარტს ამავე ტაძრის საკურთხევლის წინ დაიკრძალა ჩვენი ეპოქის უდიდესი ადამიანი ილია II. 25 მარტს ჩვენი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს იდღესასწაულებს - ასე შეიკრა ეს ღვთიური წრე - ასე დასრულდა ეს დიდი ისტორია სამშობლოსთვის დამაშვრალი პატრიარქებისა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მემკვიდრეობას ღირსეულად გავაგრძელებთ სასულიერო და საერო პირნიც. მათ კი, ვინც ილია მეორეს ტალახს ესროდა, ვეტყვით: წაიკითხეთ და გაიაზრეთ, როგორ აკეთებენ დიდ საქმეებს დიდი ადამიანები. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის”, - დასძენს სტატიის ავტორი.
იქნება თუ არა შეწყალება - პატრიარქის სურვილი და შესაძლო პოლიტიკური გადაწყვეტილება
“კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ოცნება იყო ერის გამთლიანება, ურთიერთმიტევება და შერიგება - ამის შესახებ პატრიარქთან დაახლოებული სასულიერო თუ საერო პირები ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ. ამის საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ პატრიარქის ამ სურვილის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა შეიძლება ანტისახელისუფლებო აქციების დროს დაკავებულები შეიწყალოს. რამდენად რეალურია ასეთი რამ და რა შედეგს მოიტანს? კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ახლა შეწყალებისათვის უნიკალური შანსი აქვს და ეს ნაბიჯი მას პოლიტიკურ ქულებს მოუტანს. ანალ”, - წერს გაზეთი “რეზინანსი” სტატიაში სათაურით იქნება თუ არა შეწყალება - პატრიარქის სურვილი და შესაძლო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“ოპოზიციის და ხელისუფლების გამთლიანება არ მოხდება. პატრიარქს ეს ძალიან უნდოდა და ტკივილი წაიღო. მისი სიკვდილის შემდეგ ამის განხორციელება თითქმის გამორიცხულია. თუმცა ის, რომ “ქართულ ოცნებას” უნიკალური შანსი აქვს, შეიწყალოს აქციების დროს დაკავებულები და ქულები ჩაიწეროს, უკვე რეალურია. ვფიქრობ, ხელისუფლება ამაზე უნდა წავიდეს. ამით ერი არ გაერთიანდება, მაგრამ ილუზია შეიქმნება, რომ “ქართული ოცნება” სწორ ნაბიჯებს დგამს. ამიტომ მათთვის კარგი იქნება. გულის სიღრმეში ალბათ ბედნიერები არიან, რომ ეს მოხდა არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე. იქამდე სამი წელია და ეს ერთობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაცხრება. მერე შანსი ექნება, რომ სიტუაცია მართოს. 2028 წლისთვის ახალი პატრიარქი ვერ იქნება ისეთი ავტორიტეტული, როგორც ილია მეორე იყო, ვინაიდან ამას დრო სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის აღარ შეეშინდებათ. აქამდე ეკლესიას ანგარიშს უწევდნენ. “ქართულ ოცნებას” საქმე გაუმარტივდა, აღარ მოუწევს ეფეროს საპატრიარქოს. ამიტომ ასე მგონია, რომ რაც ახლა ხდება, ამას “ოცნება” თავის სასარგებლოდ გამოიყენებს?”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” შეწყალებაზე ნაბიჯი არ უნდა გადადგას. რა თქმა უნდა, პატრიარქი, როგორც ერის სულიერი მამა, გამთლიანებისკენ ყოველთვის მოუწოდებდა. ეს ეკლესიის მხრიდან სავსებით გასაგები მოწოდებაა. თუმცა საკითხავია, რა ხდება საერო ნაწილში, სადაც დაპირისპირების იმხელა დონეა, რომ შემობრუნების წერტილი დაკარგულია. შესაბამისად, პოლიტიკური ოპოზიციის ერთი მხარე ისე იქცევა, რომ გამორიცხავს, ან ძალიან მცირე შანსს ტოვებს იმისთვის, რომ შერიგების მსგავსი რამ მოხდეს. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ამ ეტაპზე შერიგება და ურთიერთმიტევება არ გამოვა. რაც შეეხება შეწყალებას, მე სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ შეწყალების შედეგად ქვეყანამ ახალი პრობლემები არ უნდა მიიღოს. ეს ეხებოდა რადიკალური აქციების დროს დაკავებულებს. ამიტომ მე ნაკლებად ველოდები შეწყალებას. რომც შეიწყალოს, დამიჯერეთ, ამას არავითარი შედეგი არ ექნება. მეორე მხარე ჩათვლის, რომ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე “ოცნება” შეშინებულია და გადარჩენის გზებს ეძებს. ამიტომ ეს ფუჭი გასროლა იქნება და ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებამ ეს იცის, ვინაიდან ეს ჩვეულებრივი შეწყალება არ არის, ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. რადიკალური ოპოზიცია იძახის, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი მხოლოდ მთავრობის გადაბარებაზე გვექნებაო. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ შეიწყალოს?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ლაშა ჟვანია - “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა”
“ბებია რომ გარდაიცვალა, სიონში მივედი, მაშინ უწმინდესი სიონის ეზოში ცხოვრობდა. ტაძრიდან რომ გამოვედი, ჩემმა ნათლიამ მითხრა, აი, პატრიარქიო და უწმინდესთან დასალოცად მიმიყვანა. 1981 წელს იყო და დღემდე მახსოვს ის განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა... მოგვიანებით უწმინდესთან “პიონერფილმის” ბავშვები გრიშა ჩიგოგიძემ მიგვიყვანა. მაშინ უკვე ეკლესიაში დავდიოდი და პატრიარქის ოთახიდან სულ ბოლოს მე გამოვედი. ჩემდა უნებურად, უკან მივიხედე და დავინახე, უწმინდესი ზურგს უკან პირჯვარს მწერდა... იმ პირჯვრისწერის მადლს მთელი ცხოვრება ვგრძნობ. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არაერთხელ გავიგონე ფრაზა: “ეპოქის დასასრული”. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დასასრული კი არა, გაგრძელებაა. უწმინდესს თავისთვის არაფერი შეუქმნია, საკუთარი თავი ცენტრში არასდროს დაუყენებია, ის ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსთვის, ხალხისთვის, ეკლესიისთვის. ნეტავ, ერთი წამით მაინც გადმოახედა და ეს ერთობა დაანახა. ეჭვიც არ მეპარება გვხედავს და ხარობს... ადამიანების უწყვეტი ტალღაა, უმრავლესობა ბავშვი და ახალგაზრდაა, სწორედ ესაა განგრძობადობა...” - აცხადებს ლაშა ჟვანია, რომელიც უწმინდესის გვერდით იყო მისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო წუთებში გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით ლაშა ჟვანია - “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა”.
“უწმინდესის მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ დაიკარგება, ის უკვე ჩვენს მომავალშია გადასული და ამიტომაც არ შეიძლება მის წასვლას ეწოდოს დასასრული. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ცხოვრებას როგორ გავაგრძელებთ უწმინდესის გარეშე, თუმცა მისი შეწევნით. შემთხვევით არ მითქვამს, ამდენი ხალხი რომ ენახა-მეთქი... ერთ ამბავს გიამბობთ: 2011 წელს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ პატრიარქთან ყოველგვარი შეთანხმებისა და კონსულტაციის გარეშე მიიღო კანონი, რომელიც სხვა ყველა რელიგიურ მიმართულებას ათანაბრებდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მაშინ სოციალურ ქსელში სამმა ახალგაზრდამ დაწერა, რომ ამის გასაპროტესტებლად, მეგობრებთან ერთად აპირებდნენ შეკრებას ქაშუეთის ეკლესიასთან და შემდეგ სამებისკენ უნდა დაძრულიყვნენ. უწმინდესმა გადაწყვიტა, სამებაში პარაკლისი შეესრულებინა და ჩვენც საკათედრო ტაძარში ავედით. მისთვის მაშინ ძალიან მძიმე დღეები იყო - უწმინდესი საკურთხეველში იჯდა, თავჩახრილი და უტყვი, იმაზე მეტად მოხრილი, ვიდრე უკანასკნელ დღეებში იყო. მის გვერდით ვიდექი, როცა დამირეკა მეგობარმა, რომელიც ხალხის ტალღას მოჰყვებოდა და უკვე სამების ეზოში შემოდიოდნენ. მითხრა, იმდენი ხალხი შეიკრიბა, ჩემი ახლობლები ჯერ ბარათაშვილის ხიდზეც არ შემოსულან, მათ უკან კი კიდევ ხალხიაო. პატრიარქს ეს ამბავი ვუთხარი და თან გახარებულმა დავამატე - ქართველი ერი არ მომკვდარა! არასდროს დამავიწყდება, უწმინდესმა თავი ასწია, შემომხედა, გაიშალა მხრებში, მერე მზერა საკურთხევლის უმაღლესი წერტილისკენ აღაპყრო და პირჯვარი გადაიწერა. ეს მისთვის საოცრად დიდი სიხარული იყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიასა ლაშა ჟვანია.
“მაშინ გამახსენდა მოსე, რომელიც წითელი ზღვის მიღმა იჯდა ებრაელ ხალხთან ერთად, რომლებსაც ეგვიპტელები ჩასახოცად მოსდევდნენ. მაშინ მოსე ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა და როგორც ძველ აღთქმაშია, ღმერთის ხმა მოესმა: მოსე, რატომ მიყვირი მე, უთხარი ჩემს ერს, ადგეს და მივიდეს ზღვასთან. იმ მომენტში, როდესაც უწმინდესი თავჩახრილი მდუმარედ იჯდა, მისი ხმა ღვთის წინაშე ყვირილად იყო ასული და მან იცოდა, რომ მისი მდუმარებით გამოხატული ყვირილი შესმენილი იყო... უწმინდესი სწორედ ასეთი მდუმარე ყვირილით, მოთმინებით, ლოცვით, ფაქიზად და სიყვარულით დგამდა ყოველ ნაბიჯს. ნახეთ რა ხდება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ფარგლებს გარეთ. ახლა უწმინდესთან ჩვენი ემიგრანტების გვირგვინები ვნახე. უამრავი ბავშვი მოდის ხელში ფურცლებით: “მადლობა, პატრიარქო!” შეიძლება ახლა ვერც აცნობიერებენ მადლობას რისთვის ეუბნებიან, მაგრამ ეს ჩვენს მომავალზე აუცილებლად აისახება, ხვალინდელი დღე ხომ სწორედ ეს ბავშვები არიან...”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აქამდე ისე ვიცხოვრე, არც ერთი ადამიანის გარდაცვალების მომენტს არ შევსწრებივარ... კლინიკაში შეყვანის მომენტიდან მის გვერდით ვიყავი. კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს და პალატაში შეიყვანეს. ნიღაბი მეკეთა, ჩამოვიწიე, ცნობა რომ არ გასჭირვებოდა, თუმცა ხმითაც ყველას გვცნობდა. მივუახლოვდი და ვუთხარი: თქვენო უწმინდესობავ, შეგვაშინეთ... გაფართოებული თვალებით ამომხედა. გასამხნევებლად გავუღიმე. მისმა მეკელიე მამა დავითმა (ჭინჭარაული) ჩემს ნათქვამს მაშინვე დააყოლა. თქვენო უწმინდესობავ, ისე იცინის, ახლა ამას შეშინებულის რამე ეტყობაო? ბოლო წლებში უწმინდესს ასაკისა და რიგი მიზეზების გამო მიმიკები ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც მივხვდით მის იმწუთიერ სიხარულს. თავად უყვარდა ასეთი შინაურული გადალაპარაკებები, ხუმრობები, ეს მისი სტილი იყო. მსუბუქი, უწყინარი იუმორი ჰქონდა... ექიმებმა აგვიხსნეს, რომ სამედიცინო პროცედურები სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო და მოითხოვდა ანესთეზიას - პატრიარქი უნდა დაეძინებინათ. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, მაგრამ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, სანამ ნარკოზს გაუკეთებდნენ, მისთვის დეტალურად აეხსნათ, რა პროცედურის ჩატარებას უპირებდნენ. ექიმებს უწმინდესთან მამა დავით ჭინჭარაული შეჰყვა და უთხრა, რაც უნდა გაეკეთებინათ. ანესთეზიის გაკეთების წინ მამა დავითმა სთხოვა, თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, დალოცოთ საქართველო, დალოცოთ ექიმები...”, - იხსენებს ლაშა ჟვანია.
“უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა. ჩვენ ვგალობდით, როცა უწმინდესი უფალთან გადადიოდა. ვგალობდით იმ საგალობლებს, რომლებიც მას გამორჩეულად უყვარდა. უწმინდესს ვუთხარი: კათოლოკოს პატრიარქო ჩვენო, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, ტკბილო მამავ და წინამძღვარო ჩვენო, მადლობელი ვართ თქვენი, მადლობელი ვართ ღმერთის, რათა მოგვცა საშუალება ეს წლები ჩვენთან ერთად ყოფილიყავით, მადლიერებით გიშვებთ ღვთის წინაშე და გაბარებთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა გიორგის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს, წმინდა გერასიმე იორდანელს (17-ში ამ წმინდანის ხსენების დღე იყო), დედა ღვთისმშობელს, ანდრია პირველწოდებულს, წმინდა ნინოს... მადლობა, მადლობა მადლობა... მერე გალობა გავაგრძელეთ, ისე, როგორც შევძელით... ასე გავაცილეთ პატრიარქი ღმერთთან. ასეთი იყო ჟამი, დრო და წუთი უწმინდესის ამ ქვეყნიდან გასვლისა”, - ამბობს ჟვანია.
“ნურასდროს ვიტყვით - “რა გვეშველება”! ამით უწმინდესის სულს ყველაზე მეტად შევაწუხებთ. გვეშველება, აუცილებლად და ყველაფერი კარგად იქნება, ამას გვასწავლიდა პატრიარქი მთელი ცხოვრება. ურთულეს პერიოდში ურთულეს დღეებში, მაშინ როცა ჩვენ ცალ-ცალკე პერსპექტივას ვერ ვხედავდით, ის გამოდიოდა და გვეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნება! მისი სიტყვები მართლდებოდა... ერთხელ მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობდით. მითხრა, ახლა აქ, ოთახში, ჩვენ გარდა მეფეც არის, ვგრძნობ, ჩვენი წმინდანები გვისმენენო. მასთან სამნი ვიყავით, მე, დავით ჭინჭარაული და დაცვის ბიჭებს რომ ვეძახით, მათგან ერთ-ერთი - უწმინდესს ვუთხარი, მეფისა რა გითხრათ, მაგრამ თქვენთან სამი გლეხი კი ვზივართ-მეთქი... 3 წლის წინ ისრაელიდან ჩამოვედი და უწმინდესის მოსანახულებლად მივედი. საპატრიარქოში ყველანი შეწუხებული დამხვდნენ, მთელი დღე ხმა არავისთვის გაუცია, იქნებ შენ მაინც რამე გითხრასო. შევედი, დამლოცა, დავუწყე ლაპარაკი, მაგრამ რამდენი რამ ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე. რამდენჯერმე ვცადე, ამყოლოდა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... გარკვეული დროის შემდეგ შევბედე, თქვენო უწმინდესობავ, ჩემზე ნაწყენი ხომ არ ბრძანდებით, რატომ არ მელაპარაკებით-მეთქი? გამომხედა და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა: “მოხუცი ვარ”. სუსტად იყო და ჩვენ კი გვსურდა, სულ ელაპარაკა. ის სულ უფრო და უფრო ცოტას ლაპარაკობდა, სულ უფრო და უფრო იყო ლოცვაში... მისი მდუმარება საქართველოსთვის ღმერთამდე ყვირილად ადიოდა. დაუფასდება! ყველაფერი კარგად იქნება! მე ამის მჯერა! ეს რწმენა, ეს განწყობა მან ჩამინერგა და მინდა, ყველასთვის გადამდები იყოს!” - დასძენს ლაშა ჟვანია.
ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
“კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის შემდეგ ყველაზე აქტუალური საკითხია, თუ ვინ გახდება ახალი პატრიარქი. შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საფეხურს მოიცავს და ეკლესიის მეთაურის არჩევა, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში მოხდება. მთავარ კანდიდატად ამ ეტაპზე მეუფე შიო განიხილება, რომელიც ილია მეორემ თავის სიცოცხლეშივე გამოაცხადა თანამოსაყდრედ. თუმცა, ეს არ იძლევა სრულ გარანტიას, რომ მომდევნო პატრიარქი სწორედ ის იქნება, რაზეც ისტორიული პრეცედენტებიც მეტყველებს. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი; უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი; უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება; ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა; უნდა იყოს ბერი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები.
“კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვსლების შემდეგ, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე მის მოვალეობას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ასრულებს. თავისი თანამოსაყდრე პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე, 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). საეკლესიო წესების თანახმად მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. კრებაზე სინოდის ყველა წევრს ერთი საპატრიარქო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს, მათ შორის საკუთარი თავისაც. ის სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ცხადდება პატრიარქობის კანდიდატად და შემდგომში კენჭს იყრიან სინოდის გაფართოებულ კრებაზე. გაფართოებული კრების მოწვევა ხდება საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. ანუ, შესაბამისად, 26 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში. კრებას ესწრებიან როგორც უშუალოდ სინოდის წევრები, ასევე სხვა სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგენლებიც. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს უფლება აქვს კანდიდატთა შესახებ აზრი გამოთქვან, თუმცა, წესისამებრ, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მხოლოდ მღვდელმთავრები მონაწილეობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს - ანუ, სინოდის 39 წევრისგან მინიმუმ 20 ხმა. თუ დასახელებული 3 კანდიდატიდან ხმათა ნახევარზე მეტს ვერც ერთი ვერ შეაგროვებს, კენჭისყრა ხელმეორედ ტარდება. ამჯერად მასში მონაწილეობს მხოლოდ ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში უფრო მეტი ხმა მიიღო... ისტორიკოსი შალვა მინდაძე წერს, რომ მსგავსი შემთხვევა, რაც ახლა შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში, ისტორიაში რამდენჯერმე უკვე იყო. “თუ საკითხს ფართო ისტორიული გაგებით შევხედავთ და ჩავრთავთ იმ შემთხვევებსაც, როცა მოქმედმა პატრიარქმა სიცოცხლეშივე ვინმე გამოარჩია, დატოვა ან წერილობით განსაზღვრა მოსაყდრედ, მაშინ ისტორიულ მასალაში რამდენიმე პრეცედენტი ჩანს. მათში ყველაზე მკაფიოდ იკვეთება პატრიარქი კალისტრატე და მელქისედეკი,“ - ამბობს მინდაძე, რომლის მიხედვით, კალისტრატემ 1943 წლის სექტემბერში მელქისედეკი მოსაყდრედ გამოარჩია, ხოლო მელქისედეკი მოგვიანებით, 1952 წელს აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად და ეს არის ყველაზე მტკიცე ისტორიული მაგალითი იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეშივე გამორჩეული მოსაყდრე შემდეგ თავად გახდა პატრიარქი”, - განაგრძობს გამოცემა.
“მეორე მნიშვნელოვანი შემთხვევაა მელქისედეკ III და დავით დევდარიანი. წყაროები მიუთითებენ, რომ მელქისედეკ III-მ, თავდაპირველად ნაუმ შავიანიძისთვის მოსაყდრეობის შეთავაზების შემდეგ, დავით დევდარიანი დანიშნა ქორეპისკოპოსად და მოსაყდრედ. სხვა ტექსტში პირდაპირ წერია, რომ პატრიარქის წერილობითი განკარგულებით დავით დევდარიანი მოსაყდრედ ცხადდებოდა. თუმცა მელქისედეკის გარდაცვალების შემდეგ, 1960 წლის 11 იანვარს წმინდა სინოდმა დავითის ნაცვლად მოსაყდრედ ეფრემი აირჩია. მაშასადამე, ეს არის შემთხვევა, როცა სიცოცხლეშივე დატოვებული მოსაყდრე პატრიარქი ვერ გახდა, რადგან გადაწყვეტილება სინოდმა შეცვალა. მესამე, ყველაზე სადავო და ისტორიოგრაფიულად რთული შემთხვევაა ეფრემ II და დავით დევდარიანი. წყაროებში ფიქსირდება, რომ არსებობდა 1972 წლის 17 მარტით დათარიღებული წერილობითი განკარგულება, რომლის მიხედვითაც ეფრემ II თავისი გარდაცვალების შემდეგ მოსაყდრედ დავითს ტოვებდა; ამავე დროს იგივე ისტორიული კვლევა აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი ამ დოკუმენტს მოგვიანებით ჩართულ ინტერპოლაციად მიიჩნევდა. მიუხედავად ამ დავისა, ფაქტია, რომ 1972 წლის 7 აპრილს წმინდა სინოდმა დავით დევდარიანი მოსაყდრედ აირჩია, ხოლო 1-ლ ივლისს XI საეკლესიო კრებამ იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ამიტომ ეს შემთხვევა არსებობს, მაგრამ მისი “სიცოცხლეშივე გამოცხადებული მოსაყდრის” კატეგორიაში შეტანა სრულად უეჭველი არ არის", - წერს მინდაძე”, - განაგრძობს გამოცემა.
“ისტორიკოსი დასკვნის სახით წერს: თუ ვითვლით მხოლოდ შიოს ზუსტად მსგავს, თანამედროვე, წინასწარ და ოფიციალურად გამოცხადებულ მოდელს, ასეთი პრეცედენტი ქართულ ეკლესიაში ერთია. თუ ვითვლით ფართო ისტორიულ კატეგორიას, სადაც პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოარჩია ან წერილობით დატოვა მოსაყდრე, მაშინ გვაქვს სამი ძირითადი შემთხვევა - კალისტრატე-მელქისედეკი, მელქისედეკი-დავითი და ილია II-შიო; და ერთი სადავო შემთხვევა - ეფრემ II-დავითი. ამ ფართო კატეგორიიდან უდავოდ ერთხელ მოხდა, რომ ასეთი მოსაყდრე შემდეგ პატრიარქი გახდა - ეს იყო მელქისედეკი; ხოლო სადავო დოკუმენტის ჩათვლით, ეს რიცხვი ორამდე შეიძლება გაიზარდოს დავით დევდარიანის შემთხვევის დამატებით”. მინდაძის თქმით, “საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სიცოცხლეშივე გამოცხადებული მოსაყდრის პატრიარქად გახდომა ძალიან იშვიათი მოვლენაა. შიოს ზუსტად მსგავსი თანამედროვე პრეცედენტი ფაქტობრივად არ გვხვდება; ფართო ისტორიული გაგებით კი ასეთი შემთხვევები რამდენიმეა, მაგრამ მათგან უდავოდ წარმატებული ყველაზე მკაფიო მაგალითი სწორედ კალისტრატეს მიერ გამორჩეული მელქისედეკია. დანარჩენ შემთხვევებში ან სინოდმა შეცვალა არჩევანი, ან დოკუმენტის სანდოობა ისტორიკოსთა შორის სადავო დარჩა”, - დასძენს გამოცემა.
მამუკა მამულაშვილი - “აქ, საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას”
“აქ, საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს ასეთ დანაკარგს, ვიზიარებთ ამ ტკივილს. ილია II-ს ბავშვობიდანვე ვიცნობდი. მამაჩემის მოძღვარი იყო ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი მეუფე დანიელი და მას ხშირად მივყავდით პატრიარქთან სტუმრად. ძალიან თბილად მეპყრობოდა. ძაღლი ჰყავდა, როტვეილერი, და მასთან ვთამაშობდი ხოლმე. თერთმეტ-თორმეტი წლის ასაკში არაერთხელ დავსწრებივარ მის წირვებს, ნაზიარებიც ვარ მისგან და ვფიქრობ, ეს დიდი მადლია. პატრიარქმა უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში მართლმადიდებლობის გამყარებაში. მრავალი მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება მის სახელს საქართველოს საეკლესიო ცხოვრების განვითარებაში. მის სახელთან დაკავშირებულია ასზე მეტი ტაძრის აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მრავალი ადამიანის გარემოცვაში ვხედავდი, ხშირად მქონდა განცდა, რომ მარტოსული იყო, როგორც ყველა დიდებული ადამიანი”, - აცხადებს “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით “აქ, საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას”.
“უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ეპიფანე პირველი იყო, ვინც ქართველებს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება მოგვისამძიმრა. რაც შეეხება საპატიო პატრიარქ ფილარეტს მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და იბრძოდა მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის. პირველი იყო, ვინც გაბედა და თქვა, რომ უკრაინის ეკლესია არ უნდა ყოფილიყო მოსკოვზე დამოკიდებული და ამისთვის ყველაფერი გააკეთა, შემდეგ კი წავიდა და მემკვიდრედ ეპიფანე დატოვა. ძალიან კარგად იყო განწყობილი ქართველების მიმართ, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ერის შვილები, რომლებიც მისი ქვეყნის დასაცავად იდგნენ და დღესაც დგანან. როდესაც ჩვენ უკრაინაში ჩავედით, ჯერ კიდევ ის იყო პატრიარქი და პირველი სამხედრო და სამოქალაქო ჯილდოები “ქართული ლეგიონის” მებრძოლებმა მისგან მიიღეს. მახსოვს, როდესაც უკრაინის სიყვარულისა და თავგანწირვისთვის მედალი გადმომცა, ქადაგება წაიკითხა, თუ რამდენად ახლობელი არიან ქართველები უკრაინისთვის. 400 ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა ფილარეტმა, შემდეგ პატრიარქმა ეპიფანემ გააგრძელა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა მამულაშვილი.
“დიახ, ერთხანს მონასტერში ვცხოვრობდი და კარგად ვიცნობ ამ სამყაროს. მოძღვარიც მყავს, “ქართული ლეგიონის” ბაზაზე მოწყობილი გვაქვს საქართველოდან ჩამობრძანებული ქართული ხატების კუთხე, იქვე განთავსებულია დაღუპული თანამებრძოლების სურათებიც. ბიჭებს შეუძლიათ ილოცონ თანამებრძოლებისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის. კიევში, წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვან ტაძარში, იქ, სადაც წმინდა ბარბარეს ნეშტია დასვენებული და სადაც ფილარეტი წირავდა, დაბრძანებულია წმინდა გიორგის ქართული ხატი, რომელსაც სამკლავური აქვს წარწერით: “ქართული ეროვნული ლეგიონი”. ეს ხატი საქართველოში დაიწერა და შემდეგ ჩამოაბრძანეს აქ... გლობალურმა პროცესებმა გარკვეულწილად გადაიტანა ყურადღება უკრაინიდან, თუმცა, მეორე მხრივ, ირანს აღარ აქვს იმ მასშტაბის შესაძლებლობა, რომ მიაწოდოს რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და სხვა შეიარაღება, როგორც ომის დასაწყისში. ირანს არა აქვს შესაძლებლობა პირდაპირ დაბომბოს უკრაინა, ამისთვის მას რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა მოუწევს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა ირიბად ის უკვე მონაწილეობდა ამ ომში რუსეთისთვის იარაღის მიწოდებით. რისი დაშავებაც შეეძლო, უკვე დაუშავა უკრაინელ ხალხს”, - განაგრძობს “ქათული ლეგიონის” მეთაური.
“დღევანდელ სიტუაციაში რუსეთი აშკარად მოგებულია, რადგან ნავთობის ფასის ზრდა მისთვის ხელსაყრელია. თუმცა პარალელურად ზიანდება მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ირანი და ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. რას ვიზამთ, პროცესებს თან ახლავს გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება მანამ, სანამ აღმოსავლეთში დაძაბულობა არ შემცირდება... რუსეთს მნიშვნელოვანი რესურსები უკვე ამოწურული აქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური, სანქციები ნამდვილად მუშაობს. ასევე დიდია რუსეთის დანაკარგები. ზუსტი რიცხვების თქმა რთულია, თუმცა საშუალოდ ყოველდღიური დანაკარგი 600-დან 1200 კაცამდე მერყეობს, რაც თვეში დაახლოებით 30 ათასს უტოლდება. ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური. რუსეთს ყოველი წინსვლა ძალიან ძვირი უჯდება...” - დასძენს მამუკა მამულაშვილი.