ადამიანებმა ნუგეში და საყრდენი იპოვეს ეკლესიაში, იპოვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქში - ის პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდებშიც არაერთხელ მდგარა, პირდაპირი მნიშვნელობით, შუაში - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ილია მეორის მოღვაწეობის დროს ეკლესია გახდა ჩვენი თანამედროვე, მანამდე კი ეკლესია იყო ხანდაზმული ადამიანების მსახურების ადგილი.
„გუშინ ემოციურად მძიმე დღე იყო. კიდევ ერთხელ მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო ყველას. ერთადერთი შეფასება, რაც ყველასგან ისმოდა, მათ შორის მისი კრიტიკოსებისგანაც კი, ეს იყო „ეპოქალური“ და „ეპოქა დამთავრდა“. მართლაც ასეა. ყველასთვის, ვინც შორიდან ადევნებდა თავს, ვისაც შეიძლება არანაირი შეხება არ ჰქონოდა პატრიარქთან და ისინი ვინც რაღაც შემხებლობაში იყვნენ, ჩვენ, ყველანი გაერთიანებული ვიყავით გუშინ ამ ემოციით, რომ ის ეპოქა, რომელიც მისმა უწმინდესობამ მოიტანა, შექმნა საქართველოში მართლაც დასრულდა და ყველანი ვფიქრობთ იმაზე, რა იქნება ახალი. იმიტომ, რომ ეპოქაზე რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის საბჭოთა პერიოდიდან გადმოსული ეპოქა, იმ ათეისტური პერიოდიდან, როდესაც რწმენა იდევნებოდა, იდეოლოგიური შტურმი იყო ეკლესიის წინააღმდეგ. თუ ვინმე იყო რეპრესირებული საბჭოთა პერიოდში, ეს იყო ეკლესია და იყვნენ საეკლესიო პირები. მანამდე მეფის რუსეთისგან ძალიან სერიოზული რეპრესია განიცადა ქართულმა ეკლესიამ, მატერიალურადაც და სულიერადაც. ასეთ ვითარებაში მოვიდა საპატრიარქო ტახტზე სრულიად ახალგაზრდა, ძალიან დიდი ადამიანური მომხიბვლელობის მქონე და ძალიან დიდი სიყვარულის დამტევი, გამცემი ადამიანი, რომელმაც ეკლესიისკენ მიახედა არამარტო მორწმუნე ადამიანები, არამედ სრულიად საბჭოთა ათეიზმის პერიოდში გაზრდილი ადამიანები. მიგვახედა ჩვენ, ახალგაზრდები. იმ პერიოდში თუკი რამ პროგრესული ხდებოდა ქვეყანაში, ყველაფერი ხდებოდა პატრიარქის ირგვლივ. რამდენიმე მაგალითი მინდა ვთქვა, რაშიც ისე მოხდა, რომ მეც მივიღე მონაწილეობა. „ბიბლიის“ ახალქართულ თარგმანება, რომელ პროცესშიც მან გარშემო შემოიკრიბა ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოება. მე და ჩემს მეგობრებს კი გვქონდა პრეტენზია თარგმანებაში მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ პატრიარქის შეთავაზებით კორექტურაში მივიღეთ მონაწილეობა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ხდებოდა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ გამოვყოფ კონკორდატზე მუშაობის პერიოდს. მაშინაც ისე მოხდა, რომ ახალი მოძრაობა გვქონდა ახალი დაფუძნებული - მე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დათო გამყრელიძე ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ამ კონკორდატის პროცესში. მე თავად იმ კომისიის წევრი ვიყავი პარლამენტში, რომელიც კონკორდატზე მუშაობდა. ესეც საოცარი პერიოდი იყო. ზურაბ ჟანია ასრულებდა მაშინ მნიშვნელოვან როლს. პატრიარქის არაჩვეულებრივი იდეა იყო, რომელიც შეიძლება ბევრს ბოლომდე არ ესმოდა, რომ ეკლესია და სახელმწიფო ყოფილიყო გამიჯნული და ამავდროულად, ეკლესიის ისტორიული როლი ყოფილიყო აღიარებული. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა, როცა ის კონსტიტუციურ მონარქიაზე ფიქრობდა...
ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წიაღადაც იქცა სიონის ეზო. ამაზე ბევრი ლაპარაკობდა ამ ხნის განმავლობაში და თავად სიონის ტაძარი, საპატრიარქო, თავად პატრიარქი, იმიტომ, რომ იქ ხდებოდა ყველა შეკრება. საბჭოთა პერიოდში არ არის მარტივი, რომ როდესაც „კაგებეს“ სერიოზული თვალი მიდის, რაღაც ადგილას ხდებოდეს შეკრება. პრაქტიკულად ყველა თაობის წარმომადგენლები იქ ვიკრიბებოდით, ვეცნობოდით ერთმანეთს იქ ვცვლიდით ერთმანეთში ინფორმაციას. მაშინ ცენტრად გადაიქცა და იშვა რელიგიურ გამოღვიძებასთან ერთად, ახალი ეტაპი, ახალი ფაზა, ახალი საფეხური ეროვნული გამოღვიძების. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი, ყველას დამოკიდებულება და შემდგომ პერიოდში უკვე როდესაც ახალგაზრდა თაობა წავიდა ეკლესიაში, ვნახეთ ახალგაზრდა მონაზვნები, ახალგაზრდა ეპისკოპოსები, საბერო წარმომადგენლობა და მნიშვნელოვანწილად ეკლესია გახდა ჩვენი თანამედროვე. მანამდე ეკლესია თითქოს ხანდაზმული ადამიანების მსახურების ადგილი იყო, მერე უკვე გახდა ჩვენი თანამედროვე.
რატომ გახდა ასეთი მიზიდულობის ცენტრი? - ამაზე ბევრი მიფიქრია და ალბათ, ბევრი უნდა ვიფიქროთ კიდევ ამაზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ალბათ ეს იყო ის, რომ ადამიანები ეძებდნენ ნუგეშს, ადამიანები ეძებდნენ საყრდენს, ადამიანებმა ნუგეში და საყრდენი იპოვეს ეკლესიაში, იპოვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქში. რა ტიპის ადამიანს და ჯგუფს არ ნახავდით აქ. შვილმკვდარი დედებით დაწყებული, ოჯახში მესამე შვილის დაბადების მოლოდინში მყოფი ადამიანები“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, პატრიარქის ის დანაბარებია საზოგადოებისთვის, სადაც ის ურთიერთმიტევებასა და საზოგადოების შერიგებაზე საუბრობს. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, „როდესაც რაღაც მოლაპარაკებაზე, დიალოგზეა საუბარი, აქ ხელისუფლებას ენიჭება გადამწყვეტი როლი“.
„ის პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდებშიც არაერთხელ მდგარა, პირდაპირი მნიშვნელობით, შუაში. ერთი ფაქტი მახსენდება - მისი აღსაყდრების დღე იყო. მაშინ ყველანი მივდიოდით მის უწმინდესობასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები, განსხვავებით გუშინდელი დღისგან, სადაც მხოლოდ ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა ადგილი. მახსოვს ხელი ჩამკიდა, როდესაც მივედი მასთან, გამაჩერა და ზურაბ ჟვანიას დაუძახა, მწვავე დაპირისპირება იყო მაშინ საკმაოდ. ზურასაც მოკიდა ხელი და გაიცანით ერთმანეთიო გვითხრა. ამ დროს, მე და ზურა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ძალიან გვეცინებოდა. ასე ხელი ჩაგვაკიდებინა ერთმანეთისთვის. ეს იყო სიმბოლურად. რეალურად მას არაერთხელ უკისრია სწორედ ეს როლი, როდესაც ძალიან მწვავდებოდა სიტუაცია, რომ მხარეებისთვის მოეწოდებინა. ის უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას ელაპარაკებოდა. არ მინდა ვინმემ ეს სპეკულაციურად გაიგოს. როდესაც რაღაც მოლაპარაკებაზე, დიალოგზეა საუბარი, აქ ხელისუფლებას ენიჭება გადამწყვეტი როლი.
ჩვენ ცოტა ხნის წინ ვთქვით, რომ დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ამდენი გამოწვევაა გარშემო და როდესაც შესაძლოა ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდეს ჩვენს წინაშე, მაგრამ დიალოგი არა როგორც თვითმიზანი, დიალოგი როგორც პრობლემების გადაჭრის გზა. მე გულწრფელად გეტყვით, ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინი მქონდა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ როდესაც ჩვენი მხცოვანი პატრიარქი გავიდა ამ ქვეყნიდან, თუნდაც მაშინ ხელისუფლების მხრიდან სინდისის პატიმრების გათავისუფლების კუთხით ნაბიჯი გადაიდგმებოდა. შენ თუ პატრიარქის გზა მნიშვნელოვნად მიგაჩნია, თუ პატრიარქის მთელი მოღვაწეობა შენდობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიგაჩნია, მათ შესანდობი არაფერი აქვთ, ისინი გაუგებრობის გამო არიან საპატიმროებში, თუმცა თუ ვინმეს გაუხარდებოდა გუშინ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ეს იქნებოდა ჩვენი პატრიარქის სული. დარწმუნებული ვარ, საპყრობილეში, გუშინ, განსაკუთრებით ახალგაზრდები უყურებდნენ ამ ცერემონიას, ძალიან ტკივილიან და თან სიხარულიან ცერემონიას. იმიტომ, რომ რაღაცნაირად დიდი ერთიანობის შეგრძნება გვჭირდებოდა ყველას, რომ ისინიც სწორედ ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გამხდარიყვნენ“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.