დიდი ბრიტანეთი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული იყო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა. მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტის სწრაფად დასრულება და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს, რომელიც ირანს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს, კერძოდ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტარმერმა.
ამასთან, სტარმერის თქმით, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ომი „გარკვეული დროის განმავლობაში“ გაგრძელდეს.
„არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სწრაფად დასრულდება. უნდა მოვემზადოთ, რომ ეს შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.