გიორგი სიორიძე - გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა - ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი იყო სამგლოვიარო, ძალიან დიდი ესთეტიკა და საოცარი გულწრფელობა იყო, როგორ შეუძლია ქართველ ხალხს გამოიგლოვოს, დაიტიროს ყველაზე დიდი ფიგურა , - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, ქვეყანას ასეთი მასშტაბის ცერემონია აქამდე არ უნახავს.

“ადამიანების ნაწილმა, რიგში მრავალსაათიანი დგომის მიუხედავად, ვერ მოახერხა ახლოდან ენახა ილია მეორის ნეშტი. ძალიან საინტერესო სანახავი იყო ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი იყო სამგლოვიარო, მასში ძალიან დიდი ესთეტიკა და საოცარი გულწრფელობა იყო, როგორ შეუძლია ქართველ ხალხს გამოიგლოვოს, დაიტიროს ყველაზე დიდი ფიგურა ჩვენი თანამედროვეობის, არა მხოლოდ სულიერი, არამედ ისტორიული ფიგურა, რომელიც არა მხოლოდ მორწმუნეთათვის იყო ავტორიტეტი - ასეთი რამ ჩვენ არ გვახსოვს.

მე პირადად მახსოვს ძალიან ხალხმრავალი დაკრძალვის ცერემონიები, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის, მახსოვს, როდესაც ჩამოასვენეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი, მაგრამ ის, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, აქ სულ სხვა ენერგეტიკა იგრძნობოდა”, - განაცხადა მან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ქართული ოცნება” ეცადა, პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მისული ადამიანები საკუთარ მხარდამჭერებად წარმოეჩინა. სიორიძის თქმით, ილია მეორე ყველას პატრიარქი იყო, თუმცა სამების საკათედრო ტაძარსა და სიონის საპატრიარქო ტაძარში 22 მარტს მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მათი ოჯახები და მათთან დაახლოებული პირები იმყოფებოდნენ.

“გასაგებია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები, სადაც არ უნდა ხდებოდეს მთელს მსოფლიოში, არის ლიმიტირებული იმიტომ, რომ ასობით ათასი ადამიანი ვერ დაეტევა ვერცერთ სივრცეში და მას აქვს თავისი ცერემონიული წარმომადგენლობითი შინაარსი და გამოხატულება, მაგრამ ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, იყო ყოვლად წარმოუდგენელი იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ მცდელობა ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზებისა და მის მიმართ სიყვარულის გამოხატულების თავის ელექტორალურ მხარდაჭერად წარმოჩინების.

როგორც სამებაში, ასევე სიონში იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები, მათი ოჯახის წევრები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. არ იყო საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტი, არ იყო ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი, მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთობაზე და ვნახეთ მართლა როგორ ერთად იდგა ყველა ილია მეორისთვის პატივის მისაგებად. ილია მეორე, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, იყო ყველას პატრიარქი, სახალხო პატრიარქი ყველა სიტუაციაში, მედიატორის როლს ასრულებდა ხოლმე და არავის არჩევდა, როგორც ქრისტიანული წესია და როგორც ავტორიტეტს შეეფერება”, - განაცხადა სიორიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026