საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ხვალ, სიონის ტაძარში, პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო პარაკლისს ჩაატარებს

ხვალ, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო პარაკლისს ჩაატარებს.

როგორც პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყება და მას მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ეკლესიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველო მწუხარებითა და ტკივილით არის მოცული პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხვალინდელ დღეს აუცილებლად აღინიშნება ავტოკეფალიის აღდგენის დღე. 14:00 საათზე დაგეგმილია პარაკლისი. ტრადიციულად, პატრიარქი მობრძანდებოდა სიონის ტაძარში და უშუალოდ იხდიდა პარაკლისს. ამჯერად, პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო გადაიხდის სადღესასწაულო პარაკლისს. ყველა ესწრება ამას, ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის წარმომადგენლები, ჩვენი ინტელიგენცია, ჩვენი ხალხი და ეს არის საყოველთაო ღირსება, რომ ღირსეულად აღინიშნოს ავტოკეფალიის აღდგენის დღე. ეს არის დაკავშირებული 1917 წლის 12 მარტთან ძველი სტილით, ახალი სტილით კი ეს არის 25 მარტი. 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. ეს არის ისტორიული სინამდვილის, ისტორიული ჭეშმარიტების დადასტურება“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისი განმარტებით, პატრიარქმა თავისი განსწავლულობით შეძლო დაერწმუნებინა მსოფლიო, რომ ვერ აღსრულდებოდა ისტორიული სამართლიანობა, თუ საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა ავტოკეფალია.

“ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი შრომა. პატრიარქი იყო უკიდურესად თანმიმდევრული და უშეღავათო, როდესაც საკითხი ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას”, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

რაც შეეხება პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გამოხატულ სამძიმარს, მისი შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობამ უდიდესი სიყვარული აჩვენა პატრიარქის მიმართ.

“ალბათ, ყველა ხედავდა იმას, რომ ჩვენი ჯარისკაცები ტიროდნენ, პოლიციელები, ბავშვები, უბრალო ადამიანები. ეს რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად დიდი სიყვარული აქვს ქართველ ერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ.ეს შემთხვევითი არ არის იმიტომ, რომ ქართველი ერის ეს უდიდესი პატივისცემა პატრიარქისადმი ეფუძნება თავად პატრიარქის სიყვარულს ქართველი ერისადმი. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ეკლესიამ აჩვენა უდიდესი ღირსება მთელ მსოფლიოს. გამთლიანებულია მთელი ერი პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში. ეს ძალიან დიდი ნუგეშით გვავსებს და მადლიერებით, ვინც ასე მაღალი შეგნებითა და კულტურით გამოხატავდა პატრიარქის მიმართ მოწიწებასა და სიყვარულს“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს