უნდა ვიცოდეთ, რომ მისი უწმინდესობა ახლა თავისუფალია, - ამის შესახებ მერილენდის შტატის წმინდა სიდონიას სახელობის მონასტრის დამფუძნებელმა და ყოფილმა წინამძღვარმა ემილიანემ სიონის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე აქ ჩამოვედი, რათა მის უწმინდესობას პატივი უკანასკნელად მივაგო, რადგან 2012 წლის 25 სექტემბერს მისმა უწმინდესობამ დამლოცა და გადაწყვიტა, რომ აშშ-ში მონასტრის დამფუძნებელი წინამძღვარი ვყოფილიყავი. შემდეგ კი მთხოვა, რომ ტელევიზიით გამოვსულიყავი. ეს 2012 წელს არჩევნებამდე მოხდა. მე ახლაც იმას ვამბობ, რაც მაშინ ვთქვი - მხოლოდ ის მსურს, რომ ქართული ეკლესიის სიწმინდე მთელი მსოფლიოსთვის და ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო. ეს მისი უწმინდესობის კურთხევით ხდება. ამ მძიმე ტკივილის დროს აუცილებელია, რომ სიხარული და რწმენა გვქონდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მისი უწმინდესობა ახლა თავისუფალია“, - განაცხადა წინამძღვარმა ემილიანემ.