სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრები კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან.
როგორც იღუმენმა, ლუკა ფალავანდიშვილმა სიონის ტაძართან მედიას განუცხადა, ხვალ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო პარაკლისს გადაიხდის და მსახურება 14:00 საათზე დაიწყება.
"ახლა მობრძანებულები არიან მღვდელმთავრები, პანაშვიდს იხდიან.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, 25 მარტს არის მეცხრე დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან. ასევე, 25 მარტს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო გადაიხდის პარაკლისს. მსახურება 14:00 საათზე დაიწყება", - განაცხადა იღუმენმა ლუკა ფალავანდიშვილმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო.
ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.