მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა შესრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით, აუღელვებლად, ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იქნება ადამიანი, მისი ღირსება, პატივისცემა და თანადგომა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ ისაუბრა კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის პატივის მისაგებად სამების ტაძარში მისულ ხალხის ნაკადზე და როგორც აღნიშნა, ქვეყანა იყო ერთიანი და მტკიცე.
„მინდა გამოვეხმაურო განვლილ მძიმე დღეებს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული და კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. სულიერი მამის გარდაცვალების დღიდან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ რელიგიური თუ ეთნიკური შეხედულებებისა, გამოიჩინა უდიდესი ერთსულოვნება, თანადგომა და პატივისცემა პატრიარქის მიმართ. ხუთი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძრისკენ არ წყდებოდა მოქალაქეების რიგი, რომლებიც უკანასკნელ გზაზე პატივს მიაგებდნენ პატრიარქს. ხალხის ნაკადის გამო მოგვიწია ტაძრის მიმდებარედ არაერთი ქუჩის ჩაკეტვა და აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. მიუხედავად ძალიან დიდი დისკომფორტისა, რაც გამოწვეული იყო ქუჩების გადაკეტვით, ჩვენ არ მიგვიღია არცერთი შეტყობინება, რომელიც მოქალაქეთა უკმაყოფილებას გამოხატავდა, ქვეყანა იყო ერთიანი, მტკიცე და ძლიერი. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას გამორჩეული მოთმინებისთვის, სოლიდარობისთვის, ასევე პრემიერის სახელით, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის მერიის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც აქტიურად იყო ჩართული საორგანიზაციო საკითხებში.
მადლობა ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგენენ ამ მძიმე წუთებში. გაიზიარეს ჩვენი საერთო ტკივილი და საზეიმო ღონისძიებებიც კი გააუქმეს.
მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა შესრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით, აუღელვებლად, ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იქნება ადამიანი, მისი ღირსება, პატივისცემა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა, რომელიც მისი თქმით, არამხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია.