ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოს ჰყავს ანტიჰუმანური რეჟიმი, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც სამოქალაქო გამბედაობას აჩვენებს - მოხდება საპროტესტო ტალღის გაცოცხლება, იქნება აქციები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც

ფლომასტერით პოლიტიკური და სამოქალაქო აქტის განხორციელების გამო რომ ქალი, ოთხი შვილის დედა, პოლიტიკოსი უნდა ჩაჯდეს ციხეში, ეს არაფერში ჯდება - არც ადამიანობაში, არც ქართველობაში, არც სამართალში, არც კანონიერ ინტერესებს ემსახურება. ასეთი მუხლები, ასეთი ნორმები და ასეთი გამოყენება მუხლებისა და ნორმების ხდება მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც არის ანტიჰუმანური, ანტისახელმწიფოებრივი და ებრძვის ყველა იმ ადამიანს, რომელიც აჩვენებს სამოქალაქო გამბედაობას.

„სამართლის სწავლისას, რაც პირველივე დღეებიდან გვესმოდა, როცა პროფესიას უნდა დავუფლებოდი, იყო ის, რომ კანონი თუ სამართლიანი არ არის, ის ვერ იქნება კანონი. კანონის მთავარი მიზანი არის სამართლიანობა. როცა ვსაუბრობთ, რომ ფლომასტერით პოლიტიკური და სამოქალაქო აქტის განხორციელების გამო, პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო, ქალი, ოთხი შვილის დედა პოლიტიკოსი უნდა ჩაჯდეს ციხეში წელიწადისა და 6 თვის განმავლობაში, ეს არაფერში ჯდება - არც ადამიანობაში, არც ქართველობაში, არც სამართალში, არც კანონიერ ინტერესებს ემსახურება. ასეთი მუხლები, ასეთი ნორმები და ასეთი გამოყენება მუხლებისა და ნორმების ხდება მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ და გვახსოვს, რას უშვრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებს. რა ჰუმანურობაც არ აქვთ, იმას ნამდვილად ვერ აჩვენებენ. ჰუმანური მთავრობა ვერ მოხვდება ეუთოს მექანიზმის ასეთ შემაშფოთებელ ანგარიშში და არ დაედება ბრალი საკუთარი მოსახლეობის, ასიათასობით ადამიანის ქიმიური იარაღით მოწამვლასა და წამებაში, სისტემურ დანაშაულებში, რომელიც მოიცავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მოდით, ჰუმანურობას თავი დავანებოთ. კარგად გავიგეთ, რომ ჰუმანურები ვერ იქნებიან. „სალფეტკის“ სროლის გამო, რომ კაცს, სტუდენტს, ორი წლით ციხეში ჩასვამ, ეს რამდენად ჰუმანურია, საზოგადოებამ განსაჯოს. მარტივად რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც არის ანტიჰუმანური, ანტისახელმწიფოებრივი და ებრძვის ყველა იმ ადამიანს, რომელიც აჩვენებს სამოქალაქო გამბედაობას.

„ოცნებას“ უნდა, რომ თუ ადამიანში დაინახავს სიმამაცეს, ეს ადამიანი სამაგალითოდ დასაჯოს. ჩვენ ვნახეთ მზია ამაღლობელის შემთხვევა, ვნახეთ სხვა ბევრი შემთხვევა, „სინდისის პატიმრები“ და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხმა აიმაღლა და აჩვენა გამბედაობის მაგალითები. ამ პროტესტში მთავარი ისაა, რომ არ გავტყდით, წინააღმდეგობაში დავრჩით. ამან ხელი შეუწყო ივანიშვილის რეჟიმის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. მათ შორის, როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეპრესიული აპარატის ამოქმედებაზე, ივანიშვილი ბოროტი არ გამხდარა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მანამდე კეთილი არ ყოფილა, ის იყო ყოველთვის ავტორიტარული მიდრეკილებების ადამიანი. უბრალოდ, როცა ყველაზე ახლოს არის ძალაუფლების დაკარგვასთან, როცა ყველაზე მეტად არის დელეგიტიმაცია მომხდარი, მაშინ არის ყველაზე აგრესიული. რა თქმა უნდა, ოპოზიციაშიც არსებობს კოგნიტიური გამოწვევები, თუმცა იქნება აქტიური ფაზა, იქნება კონკრეტული აქციები არამხოლოდ თბილისში და ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება მალე გაიგებს. მათ შორის საინფორმაციო კამპანიებიც. ოპოზიცია არ წყვეტს ურთიერთობას მათ შორის საგარეო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოდუსი, სადაც არაორდინალურ გარემოში ვიმყოფებით. პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილია ციხეში, დევნა გრძელდება და დევნის ობიექტები არ არიან მხოლოდ ლიდერები, პარტიის წევრები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი წევრი არის გისოსებს მიღმა. ჩვენი წინააღმდეგობაში დარჩენა, გაუტეხელობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენც ვმუშაობთ. ამ თემაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო შეხვედრები, მათ შორის პარტიის წარმომადგენლებთან ქვეყნის მასშტაბით. ხალხი უკვე გაცნობიერებულია იმაში, რა ხდება ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არსებობდა. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ბოლომდე ვერ აანალიზებდნენ იმ საფრთხეს, რასაც ივანიშვილი უქმნიდა ჩვენს ქვეყანას. ეს საფრთხე გაანალიზებულია, ეს ყველამ იცის. უბრალოდ, უფრო მეტი ხალხი უნდა დავარწმუნოთ და ამ ეტაპისთვის, უფრო მეტი ადამიანის ჩართულობაა საჭირო, თუნდაც იმ აქციებისთვის, რომელსაც ვგეგმავთ. ეს აქციები არ იქნება მხოლოდ თბილისში, იქნება რეგიონებში. ასე უნდა მოხდეს გამოცოცხლება საპროტესტო ტალღის და იმ იზოლაციას, რასაც ვუყურებთ. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ეს ყველაფერი კი არ გვიხარია, ცუდია პირიქით. ამიტომ ვაფრთხილებდით ივანიშვილს, რომ ეს პოლიტიკა საბოლოოდ ქვეყნისთვის იყო დამაზიანებელი, გამოიწვევდა არამხოლოდ მათ სანქცირებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მნიშვნელოვან დაზიანებას. თუმცა ასეთ რეალობაში ვართ და ჩვენი მთავარი მიზანია ამ ბრძოლაში არ გავტყდეთ, გავაგრძელოთ ბრძოლა პოლიტპატიმრების გაუტეხელობის მაგალითზე. ამ ხალხის გაუტეხელობა არის გადამდები. დიდი აქციებია საჭიროა და აუცილებლად გაიმართება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისივე თქმით, არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს მორალური უფლება ბიძინა ივანიშვილთან „პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ვაჭრობა დაიწყოს, რადგან ეს თავად პოლიტიკურ პატიმრებს არ სურთ“.

„ადამიანები გამოდიან და თვითონ ამბობენ, არ ივაჭროთ ჩვენითო. როცა პოლიტიკური პატიმარი გამოდის და ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ უსამართლო ტყვეობაში ვარ, მაინც მოგიწოდებთ არ ივაჭროთო, რა მორალური უფლება გვაქვს რომელიმე პოლიტიკოსს, სულ რომ გვინდოდეს?! ძალიან მარტივადაა ქვეყანაში საკითხი, აღარაა 2019, 2020 წელი, ეს იცის ივანიშვილმაც. ამიტომ არ მიდის დათმობაზე. ამ ქვეყანაში ივანიშვილზე ყველამ დავინახეთ, რომ ის ავტორიტარიზმის ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს. სულ აქვს ახალი ტალღა რეპრესიების, რეპრესიული კანონების, პოლიტიკური ტყვეების. ან ეს რეჟიმი ჩაბეტონდება და ავტორიტარიზმი ჩაბეტონდება, ან დაიწყება თავისუფლების დიდი ტალღა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, მან ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ დაგეგმილ მოსმენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და რეზოლუციებს ჩალის ფასი არ აქვს ხელისუფლებისთვის, ამას მათი განცხადებები ადასტურებს.

„ასეთი ნევროტული თავდასხმები იმიტომ ხორციელდება ხოლმე ჩვენს პარტნიორებზე, რომ კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და რეზოლუციებს რამხელა ფასი აქვს. ჩალის ფასი კი არა აქვს, ძალიან დიდი ფასი აქვს. ეს მათ იხილეს სანქციების სახით. სანქციებმა და იზოლაციამ უმძიმესი პრობლემა შეუქმნა რეგიონულ სუპერსახელმწიფოებს. რუსეთში ინტერნეტი აღარაა. ირანში რა მდგომარეობაა ეკონომიკურად... კუბის რეჟიმი რა მდგომარეობაშია. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ივანიშვილმა იცის, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში არ ჩაიძიროს, მაგრამ ამ ნაბიჯებს არ დგამს, იმიტომ, რომ ეს ნაბიჯები უდრის მისი ძალაუფლების დაკარგვას“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს