ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.
“ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს. კანონის უზენაესობა, პროპორციულობა და გამოხატვის თავისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედებია”, - წერს ლიბერგი.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.