ბორის ჩელე ყურუა - სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არა სააპელაციოსკენ, არამედ ხელისუფლებისკენ ვიხედებით, რომ პასუხი გაგვცეს - არ არსებობდა ზიანი, არსებობდა სურვილი, დაესაჯათ ელენე ხოშტარია

ჩვენ არასდროს გვქონია ქვეყანაში ისეთი სასამართლო, რომ ქართველ კაცს მისი იმედი ჰქონოდა - სამწუხაროდ, პრობლემას საზოგადოება მწვავედ ვერ აღიქვამს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, იურისტმა ბორის ჩელე ყურუამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

ყურუას შეფასებით, გარკვეულ შემთხვევებში სასამართლო დამოუკიდებლად არ მოქმედებს და პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა.

“გუშინ გამოვიდა გია ვოლსკი და დაადასტურა ის, რასაც ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი ფიქრობს - ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეშიო. პრობლემაც ეგ არის, რომ სხვა რაღაცისთვის ზის, პრობლემა ის არის, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ მაშინვე სააპელაციო სასამართლოსკენ კი არ ვიხედებით, ხელისუფლებისკენ ვიხედებით, რომ მან გაგვცეს პასუხი, მოსამართლეს კი არ ვეკითხებით, ხელისუფლებას ვეკითხებით იმიტომ, რომ ვიცით, სასამართლო დამოუკიდებლად გარკვეულ შემთხვევებში არ მოქმედებს და პოლიტიკური გავლენები არის ძლიერი.

ჩვენ არასდროს გვქონია ქვეყანაში ისეთი სასამართლო, რომ ქართველ კაცს მისი იმედი ჰქონოდა. სამწუხაროდ, ამ პრობლემას საზოგადოება მწვავედ ვერ აღიქვამს, თუმცა ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ ყველაფერს და თუნდაც ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნები, თუ ამ ქვეყანაში არ გაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც “პატარა კაცს” შეუძლია, თავისი სიმართლე დაამტკიცოს”, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

მისივე განმარტებით, ელენე ხოშტარიას პატიმრობაში ყოფნა არა მარტო მოსამართლის, არამედ საზოგადოების სინდისზეა.

“არ არსებობდა რეალური ზიანი, არსებობდა სურვილი, რომ დაესაჯათ ელენე ხოშტარია. მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონს ელენე თუ არა, ეთანხმები თუ არა, განაჩენი გამოდის ჩვენი - ხალხის სახელით. მოსამართლის სინდისზე კი არ არის მხოლოდ, ჩვენს სინდისზეც არის, რომ ელენე ხოშტარია ზის ციხეში.

ეს უსამართლობის მასშტაბი იმდენად იზრდება, რომ შეუძლებელია, შენ ან შენს ახლობელს ეს არ შეგეხოთ და მერე უკვე როცა ხმის ამოღება მოგინდება, შეიძლება ტელევიზია აღარ იყოს დარჩენილი, რომელიც გაგაშუქებს, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია აღარ იყოს დარჩენილი, რომელიც უფასო ადვოკატს გამოგიგზავნის. შეიძლება აღარავინ აღარ იყოს დარჩენილი, რომელიც გვერდით დაგიდგება იმიტომ, რომ საჭირო დროს შენ არ დაუდექი გვერდით.

იმას არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ყოველ დღე გამოხვიდე და რუსთაველზე დადგე, უბრალოდ უნდა გამოძებნო შენი უკმაყოფილების გამომჟღავნების შესაძლებლობა და უკმაყოფილო თუ არ ხარ და თავი ადეკვატური გგონია, უფრო მეტად უნდა გაერკვე საკითხში იმიტომ, რომ შეუძლებელია, ამ ყველაფერს დაეთანხმო”, - განაცხადა ყურუამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს