აქამდე წამყვანი იყო საპატრიარქო, ახლა იქნება მთავრობა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, მთავრობისა და საპატრიარქოს როლები შეიცვლება ახალი პატრიარქის პირობებში.
„წარმოვიდგინოთ, ილია მეორეს რომ ეთქვა, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა რაღაც საკითხებში არ მომწონსო, ეს მით უარესი იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ახლა ახალმა პატრიარქმა რომ თქვას იგივე სიტყვები, ეს იქნება მით უარესი საპატრიარქოსთვის. როლები შეიცვალა, უკვე ისეთი ძლევამოსილი, ძლიერი და გავლენიანი არ იქნება პატრიარქი.
ჩვენ საპატრიარქოს რატომღაც ძალიან დიდ მისტიკურობას ვანიჭებთ ხოლმე. საპატრიარქო ეკლესია არაა, ქრისტემ შექმნა ეკლესია, საპატრიარქო არის აპარატი, დაახლოებით სამინისტროს აპარატია, ამიტომ ნუ ვდებთ საპატრიარქოში მისტიკას.
ანგარიშგაწევა დამთავრდა, აღარ იქნება და არჩევნების დროს უკვე ჩვენ ვნახავთ, რომ ისინი ანგარიშს აღარ გაუწევენ საპატრიარქოს, ეს აშკარად გამოჩნდება. ისე არ გაუწევენ ანგარიშს, როგორც ილია მეორეს უწევდნენ. დარწმუნებული ვარ, სხვა სურათი იქნება, პატრიარქი აღარ იქნება ისეთი გავლენიანი, რომ მას ანგარიში გაუწიონ. რაღაც ანგარიშს გაუწევენ, მაგრამ არა ისე, როგორც ილია მეორეს უწევდნენ“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, რადგან ის კარგად იცნობს საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს, რა მოლოდინები აქვს უახლოეს მომავალთან დაკავშირებით, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ახლა სინოდს აქვს უნიკალური შანსი, ნამდვილად იყოს სინოდი, რომელიც არ მოექცევა არც მთავრობის და არც რუსეთის გავლენის ქვეშ.
„ეპისკოპოსების 20%-ი მაინც ჩემი თანაკურსელია. საქართველოს ასეთი ძლიერი სინოდი არასდროს ჰყოლია. ეკლესია ხომ ათასზე მეტ წელს ითვლის, ბოლო 500-600 წელი საქართველოში იყო ორი საპატრიარქო - ქუთაისსა და მცხეთაში. მოდის რუსეთი, რომელსაც თავად არ აქვს საპატრიარქო [პეტრე პირველმა გაუუქმა] და გვიუქმებს ორივე საპატრიარქოს. გადის ასი წელი, ხდება რევოლუცია, რუსეთი აღადგენს თავის საპატრიარქოს და ჩვენს აღვადგენთ ჩვენს საპატრიარქოს. ამასობაში რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციაა, ჩვენ ორი-სამი წელი მაინც ვართ დამოუკიდებელი რესპუბლიკა. იქ ყველაფერი ინგრევა, რა დროს ავტოკეფალიაა, ჩვენთან კი რაღაც მაინც გადარჩა და პატრიარქის ინსტიტუტი მაინც ფუნქციონირებდა. ასე მოვედით 1943 წლამდე, როდესაც სტალინი ავალდებულებს, რომ რუსეთში აღადგინონ საპატრიარქო და ასევე ავალდებულებს, რომ საქართველოში აღიარონ ეკლესია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გვაღიარა, ჩვენ 90-იან წლებამდე არავისთან აღიარებული არ ვართ. ილია მეორის პერსონალური დამსახურებაა, მას რომ არ ეშრომა ამდენი, ეს არ მოხდებოდა. მან მიაღწია, რომ მსოფლიომ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ დღეს უკრაინის ეკლესიის მსგავსად ვყოფილიყავით. ამის შემდეგ საქართველომ ამოისუნთქა და დაიწყო გარკვეული პროცესები და საპატრიარქოსაც შეეძინა გარკვეული სახელმწიფოებრივი ფუნქცია. ახლა პირველად, სინოდს აქვს უნიკალური შანსი, იყოს სინოდი არა რუსეთის, არა მთავრობის, არამედ ღმერთის და მიიღოს გადაწყვეტილება. მათ უნდა აირჩიონ სამი კანდიდატი და ამ სამიდან შემდეგ ერთი. მეუფე შიოს არანაირი უპირატესობა არ აქვს, მას მხოლოდ შეუძლია, იყაროს კენჭი. მოსაყდრეობა არის პირობა, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ სამი კანდიდატიდან. სინოდის ვაჟკაცობა გამოჩნდება, თუ ის მოახერხებს და უცებ რაღაც ფოკუსს ჩაატარებს. ის, რომ შიო გაიმარჯვებს, ამის 70%-იანი შანსია, მაგრამ ის 30% არის სიურპრიზი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.