პროცესი, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევასთან, აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.
კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს და არც ერევა პროცესში, რასაც ვერ იტყოდა ოპონენტებზე.
პრემიერის თქმით, ის "რიტორიკულად მოუწოდებს" ყველას, "მაქსიმალურად თავი აარიდონ საქმეში ჩარევას, რაც მათ საერთოდ არ ეხება".
"რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამ [პატრიარქის არჩევის] პროცესში. ეს არის თავიდან ბოლომდე წმინდა სინოდის საქმე და სინოდის წევრების გადაწყვეტილება.თქვენ ხედავთ, რომ ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს ოპონენტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, მათ შორის მათ ტელეკომპანიებზე, ვერ ვიტყოდით იმავეს მათ წარმომადგენლებზე - ე.წ. ექსპერტებზე "ენჯეოებზე" , რომლებმაც უკვე დაიწყეს კამპანია, რომელსაც აქვს ანტიკამპანიის სახე, რაც ბუნებრივია, მათ დამოკიდებულებას აჩვენებს, კიდევ ერთხელ, ეკლესიის მიმართ.
თუ ვინმე ცდილობს, ჩაერიოს ამ პროცესში, ესენი არიან ჩვენი ოპონენტები. პირდაპირ ანტიკამპანია აქვთ გაჩაღებული, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევის პროცესთან, რაც ბუნებრივია, აბსოლუტურად არაჯანსაღი მოვლენაა. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რა თქმა უნდა, ეს არის რიტორიკული მოწოდება, მაქსიმალურად თავი აარიდონ საქმეში ჩარევას, რაც მათ საერთოდ არ ეხება", - განაცხადა კობახიძემ.
მან ოპონენტები პატრიარქის როლის "დაკნინების" მცდელობაში დაადანაშაულა.
"მითუმეტეს, რომ ამითაც პირდაპირ ცდილობენ, დააკნინონ პატრიარქის გამორჩეული როლი და და გამორჩეული სიბრძნე. ეს არის მათი მიზანი. ეს იყო მათი მიზანი გასული წლების განმავლობაშიც და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია მათთვის, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს პროცესი, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევასთან და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა მიანდოს ეს ყველაფერი წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით" - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს.