ევროსაბჭო არის ფუნდამენტური ორგანიზაცია ევროპაში ადამიანის უფლებების კონტექსტში და ჩვენი ქვეყნის წევრობა არის, მათ შორის, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი - სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგად დღეს განვიხილებით ყველაზე რთულ ქვეყნად ამ ორგანიზაციის ფარგლებში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუმასიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ დაგეგმილ მოსმენას.
მისივე თქმით, ეს ანგარიში არის როგორც საგანგაშო ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის, ასევე საქართველოს იზოლაციური საგარეო პოლიტიკისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი.
„ევროსაბჭო არის ფუნდამენტური ორგანიზაცია ევროპაში ადამიანის უფლებების კონტექსტში და ჩვენი ქვეყნის წევრობა არის, მათ შორის, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ დღეს განვიხილებით ყველაზე რთულ ქვეყნად ამ ორგანიზაციის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგად. ეს ანგარიში, ისევე როგორც რიგი სხვა ანგარიშები, ეუთოს ბოლოდროინდელი „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ანგარიში, არის საგანგაშო ნაბიჯები საქართველოს ერთი მხრივ დემოკრატიული უკუსვლის, როგორც მას უწოდებენ, მაგრამ ჩვენ ამას დავარქმევთ ავტორიტარიზმის დამკვიდრების, დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულად დანგრევის მცდელობას ქვეყანაში და მეორე მხრივ ეს ნამდვილად არის საქართველოს იზოლაციური საგარეო პოლიტიკისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი.
აშკარაა, რომ ახლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ვიყოთ სწორედ მარტო დარჩენილი და მთლიანად საერთაშორისო სისტემა მტრად აღქმული. მაგალითად, რუსეთისა ან ბელორუსისთვის სულაც არ არსებობს სენსიტიურობა და მათთვის ევროსაბჭოს დატოვებასაც არ ჰქონია პრობლემები. პირიქით, გვახსოვს, რომ რუსეთში ამას საკმაოდ პოზიტიურად აფასებდნენ. დღეს აშკარად ვხედავთ, „ქართული ოცნების“ მიერ მსგავსი პოლიტიკის წარმოების სურვილს, სრულ იზოლაციას, რომლის შედეგადაც საერთაშორისო დასკვნები, მათ შორის ანგარიშები, გადაწყვეტილებებიც კი, მათთვის ხდება არა სენსიტიური და მათი გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ შიდა ძალაუფლების შენარჩუნებას და ავტორიტარული რეჟიმის მოწყობას, სადაც პოლიტიკური კონკურენციაა შეზღუდული და იზღუდება სიტყვის თავისუფლებაც. შესაბამისად, ავტორიტარიზმის პირობებში, რეჟიმის ცვლილება, ხელისუფლების ცვლილება ზოგადად მსოფლიოში არის რთული პროცესი. ამის მაგალითია ბელარუსი. საფრთხე არის რეალური. „ქართულმა ოცნებამ“ ერთის მხრივ ამის შედეგად შეიძლება საკუთარი ინტერესები დააკმაყოფილოს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მეორე მხრივ ამით გახდის საქართველოს ძალიან მოწყვლადს, რადგან დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, ერთ -ერთზე დარჩენილი რუსეთთან, ჩვენ გაგვხდის არამხოლოდ რუსეთის გავლენის სფეროდ, არამედ სხვადასხვა ქვეყნის.
საქართველოს ბედი უნდა წყდებოდეს თბილისში და ჩვენი მოქალაქეების მიერ. მთელი პრობლემა ისაა, რომ დღეს პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოების დიდ ნაწილში არის შთაბეჭდილება, რომ ეს ბედი არ წყდება თბილისში და წყდება მოსკოვში. პრობლემა გამომდინარეობს აქედან. თანასწორი ნიშნის დაყენება რუსეთთან და დასავლეთთან კონტექსტში და თქმა, რომ ორივე უცხოეთია, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია. დასავლეთში არიან ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები. ჩვენი სურვილია ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არ არის მათი ინიციატივა, ცხადია. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ის იყო, რომ გარე ძალების ჩარევა, გარე ფინანსური ჩარევა არის საფრთხის შემცვლელი. კონტექსტი არის მნიშვნელოვანი. ამ ლოგიკით ბიძინა ივანიშვილი არის გარე ძალა, რომელმაც რუსეთიდან ნაშოვნი ფულით საქართველოში პოლიტიკა აწარმოა. შესაბამისად, კითხვები ჩნდება სწორედ ამ კონტექსტში. თუ ისინი გულისხმობენ, რომ მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, მაშინ ზეწოლა ბიზნესზე, პოლიტიკურ პარტიებზე აქრობს შესაძლებლობას, რომ შიგნით, ქვეყანაში იყოს კონკურენტული გარემო. თვითონ მათი წყაროებიც, როგორც ვახსენე ბიძინა ივანიშვილი, შიდა არ იყო, შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში მათ უნდათ ისეთი გარემო შექმნან, სადაც შიგნიდან ვერ შეიქმნება ასეთი პოლიტიკური პლატფორმები, ძალები. მათი გადაწყვეტილებები ხომ აქეთკენაა მიმართული, რომ ყველანაირ პოლიტიკურ ინიციატივას ხელი შეუშალონ. მათ შორის, როცა ოპოზიციას უწოდებენ რადიკალურ ოპოზიციას. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად გააქრეს ოპოზიციური სპექტრი და ხელს უშლიან ნებისმიერი პოლიტიკური დიალოგისთვის, ჩაანაცვლეს პოლიტიკური სფერო საკუთარი სატელიტი პარტიებით. ეს არის მცდელობა საქართველოში ყალბი ოპოზიციის შექმნისა და რეალურად პოლიტიკური ველის დამორჩილების. „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისკენ, ერთადერთი გამოსავალი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამოფხიზლება. საბჭოთა კავშირის დამარცხებაც კი გარე ძალების მხარდაჭერაზე კი არ იდგა, არამედ იდგა ქართველი ხალხის ბრძოლაზე“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.
ამასთან, მან საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობები, ვაშინგტონთან გარკვეულ გადატვირთვას მიაღწიონ, მკაფიოა.
„მცდელობები „ქართული ოცნების“ მხრიდან ვაშინგტონთან გარკვეულ გადატვირთვას მიაღწიონ, მკაფიო და აშკარაა. თუმცა ვაშინგტონის ყურადღებაც ამ რეგიონის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილად არ დაკლებულა. კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ არის შემცირებული. მე პოზიტიურად ვაფასებ იმას, რომ როგორც ქვეყანა, ჩვენ ვრჩებით ვაშინგტონის დღის წესრიგში“,- განაცხადა ტუმასიანმა.