„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლის ანაკლიაში ჩასვლა ღიად მიანიშნებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტია ვაშინგტონისთვის.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი რეალურად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არანაირ გადატვირთავს და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება, თუმცა მნიშვნელოვანია „საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის ინტერესები ასე არის გაძლიერებული რეგიონში“.
„თავად პიტერ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდეგ ანაკლიაში, ბუნებრივია ღიად მიანიშნებს, რომ [ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი] პრიორიტეტია ვაშინგტონისთვის.
საჯაროდ არის ცნობილი, რომ ხვდება ეკონომიკის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. ამანაც უნდა შეუქმნას საზოგადოებას სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვს ამ ვიზიტს.
რეალურად არანაირ გადატვირთავს და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება, თუმცა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის ინტერესები ასე არის გაძლიერებული რეგიონში.
სამწუხაროდ, ეს არ არის შესაძლებელი. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რეჟიმს, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალის ინტერესებს და აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს რეგიონში და საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ემსახურება ირანის, ჩინეთის და რუსული გავლენების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო ამერიკელი ინვესტორების ჩართულობით, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმმა პირდაპირი მნიშვნელობით გააგდო საქართველოდან, მისი სტრატეგიული ხედვაა: „ამერიკელებს არ ესაქმებათ შავ ზღვაში“.
ამ პროექტის დასამარებით და ამერიკელების ჩინელებით ჩანაცვლებით, კიდევ ერთი სიგნალი გაუგზავნა, რომ ამას სტრატეგიულ პარტნიორობად არ აღიქვამენ. ამ პარტნიორობას თავისი წესები აქვს, რისი შესრულებაც არ უნდათ“,- აღნიშნავს ბოკუჩავა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტნიორებთან საუბრობს არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მისი პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე.
„ზოგადად, ივანიშვილი ამერიკელებთან, ევროპელებთან თუ ბრიტანელებთან მიმართებაში, სადაც აჩიკო გაჩეჩილაძეს იყენებს „შიკრიკად“, რომ რამენაირად აირიდოს სანქციები დიდი ბრიტანეთიდან, ის ყოველთვის საუბრობს არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ მისი პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე“,- აღნიშნავს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.