პიტერ ანდრეოლის ვიზიტი და ანაკლიაში ჩასვლა ნიშნავს, რომ საქართველოს თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოს მნიშვნელობა ახლაც დიდია ე.წ. ევრაზიული დერეფნის თვალსაზრისით.
ამის ფონზე, ბობოხიძე თვლის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას რეგიონული მოთამაშის როლს უკარგავს.
„ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დღის წესრიგიდან არ ჩამოვიდეს, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელმაც თავის სტრატეგიულ ამოცანად გამოაცხადა, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს გაგახსენებთ. საქართველო არ უნდა იყოს რეგიონული მოთამაშე და საქართველო უნდა იყოს სოფლის ორღობე, ეს არის მათი პოლიტიკა, რეალურად ამ პოლიტიკას ახორციელებენ.
პაპუაშვილი ამბობს: საქართველოს ანტიქართული და საქართველო ქართული, ოღონდ არავინ განმარტებას არ აკეთებს, ბოლო-ბოლო რა არის ნამდვილი ქართული ინტერესი და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ საქართველოს ინტერესები? თუ არსად არ ხარ, მაშინ ხდები იმის ლუკმა, ვინც სწორედ იმ დროს ელოდება, როდესაც არავინ გვერდში მდგომი არ გვეყოლება. ანუ გახდები რუსული იმპერიისა და იმპერიალისტური მადის მსხვერპლი.
საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ქვეყნის მტრებად აცხადებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ორიენტირებულია პროგრესზე და დასავლეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაზე. ესენი მათი სულიერი მემკვიდრეები არიან, მათ შორის პროპაგანდის დონეზე.
ეს ვიზიტი ნიშნავს, რომ საქართველოს თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. პირიქით, საქართველოს მნიშვნელობა იზრდება, უფრო სწორად ყოველთვის დიდი იყო და ახლაც დიდია ე.წ. ევრაზიული დერეფნის თვალსაზრისით“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.