გიორგი ბუტიკაშვილი - ანდრეოლისი არ ხვდება ქვეყნის ე.წ. პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თუნდაც ე.წ. პრეზიდენტს, ეს არის გზავნილი, რომ აშშ-ს ინტერესია ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან და არა „ოცნებასთან“ - “ოცნება” მხოლოდ იმას აჟღერებს, რაც აწყობს

აშშ-ის წარმომადგენელმა საქართველოში მოინახულა ფოთის პორტი, იყო ანაკლიის პორტში, შეხვდა ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ის არ ხვდება ქვეყნის ე.წ. პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ე.წ. პრეზიდენტს, რაც არის გზავნილი, რომ ამერიკის ინტერესი არის ეკონომიკური პროექტები, ეკონომიკური თანამშრომლობა არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ საქართველოსთან, რადგან საქართველო არის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეკონომიკური პროექტებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ბუტიკაშვილის შეფასებით, თავის მხრივ, ეკონომიკური თანმშრომლობა აშშ-სთან გულისხმობს პოლიტიკურ ურთიერთობებში „ქართული ოცნების“ მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას და ამ კუთხით გარკვეულ ვალდებულებას.

„მნიშვნელოვანია, დავინახოთ გზა, რომელიც გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა საქართველოში - ვის შეხვდა და რა იყო მნიშვნელოვანი ვიზიტის ფარგლებში. მან მოინახულა ფოთის პორტი, იყო ანაკლიის პორტში. შეხვდა ეკონომიკის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციურ პარტიებს. პოლიტიკური განაცხადი ამაშივე ჩანს, რომ მათი ინტერესი არის ეკონომიკური პროექტები, ის პროექტები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. "ტრამპის კორიდორი" სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, რაშიც ჩართულია ამერიკა და მილიარდობით დოლარი ინვესტიციებიც ჩაიდება პროექტის განსახორციელებლად. საქართველო აქ არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ან უნდა იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, გეოპოლიტიკურად სხვანაირად არ არსებობს, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე. თუმცა, ამ შეხვედრებზე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ის არ ხვდება ქვეყნის ე.წ. პრემიერ-მინისტრს, არ ხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, არ აქვს მაღალი რანგის შეხვედრები თუნდაც ე.წ. პრეზიდენტთან. ეს არის ის გზავნილი, რომ ამერიკის ინტერესი არის ეკონომიკური პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ საქართველოსთან, რადგან საქართველო არის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეკონომიკური პროექტებიდან გამომდინარე.

თუმცა, მნიშვნელოვანი აქცენტი, რასაც ამერიკა ყოველთვის სვამს, ეს არის სანდოობა - რამდენად უნდა ენდოს აშშ ივანიშვილის ხელისუფლებას იმიტომ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ამერიკის მხრიდან ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ვერ მოხვდა თანხვედრაში „ქართულ ოცნებასთან“.

არ არსებობს ცალკეული დამოუკიდებელი ეკონომიკური ურთიერთობა, თუ პოლიტიკური გარანტიები არ არსებობს „ქართული ოცნების“ მხრიდან.

ამერიკამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს გზას, საიდანაც დაიწყო ათვლა ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთების.

„ქართულ ოცნებას“ აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა დამოუკიდებლად არ გამოსდის. როდესაც გვყავს 150-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანებს იჭერენ, როდესაც მიიღეს გრანტების კანონი, რომელიც ასევე ამერიკის საელჩოს ეხება და ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ეს რეგისტრაცია უნდა გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვეღარ იმუშავებენ და ეს არის დიდი გამოწვევა თავად ამერიკისთვისაც და იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ემსახურებიან თავად ამერიკის საელჩოს.

ეს არის ის თემები, რომლებიც ამერიკის ადმინისტრაციას აწუხებს და არა მარტო დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა ეს, ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც გვაქვს ჩვენ ალიანსის ფორმატში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, სულ დგას ეს საკითხი და ამას ყოველთვის ეუბნებიან „ქართულ ოცნებასაც“. „ქართული ოცნება“ უბრალოდ მხოლოდ იმ ნაწილს აჟღერებს, რომელიც აწყობს და მხოლოდ სიმბოლური ფოტოებით ცდილობს აჩვენოს, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა მიმდინარეობს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „დროას“ ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ციხეში გაშვებით ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალს ასამართლებს.

„შეეძლოთ, საერთოდ არ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე. იქ არის გამიჯნული და ადმინისტრაციულით შეეძლოთ საქმის წარმოება, თუმცა მათ აირჩიეს უკიდურესი ფორმა და ეს უკიდურესი ფორმა მოიყვანეს სისრულეში.

ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც კონკრეტულად ელენეს საქმე, როგორც ნიკა გვარამიას საქმე, როგორც დანარჩენი ლიდერების საქმე. ეს ადამიანები წარმოადგენენ პოლიტიკურ ლიდერშიფს, რომელთა არჩევანიც არის, ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და დასავლური სტრუქტურების წევრი ანუ ეს ქვეყანა იყოს ევროპის ნაწილი. ამათი ციხეში გაშვება „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპული გზის მიმართ საბოტაჟის გამოცხადებაა.

ელენემ რომ რაღაც მიაწერა ბანერს, ეს ხომ არ იყო „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა, არც ის არ იყო პრობლემა, დანარჩენი ლიდერები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რომ არ გამოცხადდნენ, არც ის იყო პრობლემა, რა უთხრეს ოპოზიციის ლიდერებმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საქმე ამაში არ არის. გასამართლება მიდის ჩვენი ევროპული მომავლის და ამას აჩვენებს ივანიშვილი“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს