საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე - „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, განჩინება მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე - „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, განჩინება მიიღო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, 2026 წლის 26 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1901 კონსტიტუციური სარჩელი და განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, 2026 წლის პირველი ივლისიდან, ძალადაკარგულად ცნო „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება.

„სადავო ნორმის შესაბამისად, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი მოწესრიგება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით შეფასებული რეგულირების მსგავსად, არ შეიცავდა მოთხოვნას ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას ამ ქონებაზე არსებული გარდამავალი უფლებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, სათანადო გარანტიის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა ქონების შეფასებისას გარდამავალი უფლებების მხედველობაში მიღებას, წარმოშობდა ქონების სარეალიზაციო ფასის მის რეალურ ღირებულებასთან მნიშვნელოვნად აცდენილი ოდენობით განსაზღვრის შესაძლებლობას, რის გამოც, საწყისი ფასის არაადეკვატურობის გამო, მაღალი იყო ალბათობა, ვერ მომხდარიყო ქონების რეალიზაცია პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე. ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო არც განსახილველ შემთხვევაში იღებდა ქონების აუქციონზე ადეკვატურ ფასად რეალიზაციისთვის საჭირო გონივრულ ზომებს, რამდენადაც არ ქმნიდა პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრის სათანადო, ქონების რეალურ ფასთან მიახლოებული ოდენობის დადგენის პოტენციალის მქონე ნორმატიულ მექანიზმს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტი შეიცავდა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს