მათ ეზოსთანაც დაიჩოქებს აქლემი, იმიტომ რომ რადიკალები მარტო ჩვენ ქვეყნებში არ არიან, მათ ქვეყნებშიც არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტის განხილვას შეეხებოდა.
მისი თქმით, მათ მხარეს უკვე აქვს ოფიციალური პასუხი, რომ თუ “მოძალადე ჯგუფები გადადგამენ საპასუხო ნაბიჯს და გააცნობიერებენ, რომ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგოა, მაშინ საქართველოში, თეორიულ დონეზე, მრავალი ჰუმანური აქტის განხორციელება გახდება შესაძლებელი.”
„ჩვენ უკვე ვუპასუხეთ და ოფიციალურად ვუთხარით: თუ ამ მოძალადეების მხრიდან იქნება გადმოდგმული ნაბიჯი და ისინი გაიაზრებენ, რომ ძალადობრივი ქმედებები არ არის მისაღები და კანონსაწინააღმდეგოა, ძალიან ბევრი ჰუმანური აქტი შეიძლება თეორიულად განხორციელდეს საქართველოში. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ მე ამ უკანონობის გზა უნდა გავაგრძელო და ეს გამოხატვის თავისუფლებააო, პარლამენტს რომ ცეცხლს ვუკიდებ - გამოხატვის თავისუფლებაა, პრეზიდენტის სასახლეში რომ შევარდნას დავაპირებ - ესეც გამოხატვის თავისუფლებააო. თუ ასე გააგრძელებენ, არაფერი არ მოხდება. მათაც ამას ვეუბნებით, აქაურ რადიკალებსაც და მათ პატრონებსაც ამას ვეუბნებით. თუ ვინმე გვეტყვის ისევ არგუმენტებით, რომ X პიროვნება გამოხატვის თავისუფლებისთვის არის დასჯილი, მაშინ კი ბატონო, მართლები იქნებიან. მაგრამ თან არ აფასებდნენ ამ მოლოტოვის კოქტეილების სროლას და ასობით პოლიციელის გადაყვანას ჰოსპიტლებში მათი ძალადობრივი ქმედებების გამო, თან პოლიტპატიმრებს ეძახდნენ და თან ჩვენ მოგვიწოდებდნენ, ასე არ გამოვა. კარგი მაგალითი მისცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მათ. გადადგან ეს ნაბიჯები და დამერწმუნეთ, ბევრი უფრო სერიოზული ნაბიჯი იქნება გადადგმული სახელმწიფოს მხრიდანაც, სხვანაირად არ გამოვა. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი მე ვარ ხელისუფლებაში თუ სხვა. სახელმწიფომ თუ თქვა, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ადამიანებო შემოიჭრათ ოფიციალურ დაწესებულებებში და ცეცხლი გააჩინოთ, ის სახელმწიფო დიდხანს ვეღარ იარსებებს. ამის გამო ვერ მოხდება ეს და ეს მათმა პატრონებმაც უნდა გაიაზრონ. მათ ეზოსთანაც დაიჩოქებს აქლემი, იმიტომ რომ რადიკალები მარტო ჩვენ ქვეყნებში არ არიან, მათ ქვეყნებშიც არიან”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს კონგრესი 1-ელ აპრილს, 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. კონგრესის სესიის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. განიხილავენ და კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტსა და რეკომენდაციის პროექტს.