ის, რა პასუხიც ელენე ხოშტარიას შემთხვევაზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ისინი არ გრძნობენ თავს კომფორტულად - როდესაც შენ გჭირდება ასეთი ფორმით შეაკავო ის წინააღმდეგობა და უკმაყოფილება, რომელიც შენ მიმართ არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ ძალაში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.
როგორც ბუაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავად ამბობენ, რომ ამ იზოლაციაში არ გრძნობენ თავს კომფორტულად, ამიტომ მზად არიან გაუსწორდნენ ყველას, ვინც ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგება ამ სისტემას.
„ის, რაც ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მოხდა, მორალურ ჭრილში არის აბსოლუტურად ამორალური და არაადამიანური ქცევა, როდესაც გვეუბნებიან, რომ წარწერის გაკეთების გამო, ადამიანი, ქალი პოლიტიკოსი, ლიდერი 1 წლითა და 6 თვით საპატიმროში უნდა იყოს. შემდეგ საუბარი იყო მის შვილებზე, გამოხმაურება მოვისმინე გუშინ აბსოლუტურად ამაზრზენი, რომ მას თურმე უფრო ადრე უნდა ეფიქრა საკუთარ შვილებზე. ქვეყნისთვის არის ცუდი ასეთი კლიმატი. ელენე საკმაოდ პრინციპული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ზუსტად აქვს გათავისებული რა ტიპის პროცესშია. ზუსტად მისი შეუპოვრობისა და უკომპრომისობის გამო მიიღო მან ეს განაჩენი, რომელიც მიიღო. სასჯელსაც ვერ დავარქმევდი. მას ძალიან სწორად აქვს გააზრებული, რა პროცესშია.
ჩემთვის ისმის მთავარი კითხვა: რატომ სჭირდება ხელისუფლებას ასეთი უხეში და სასტიკი მეთოდის გამოყენება ძალიან ბანალურ შემთხვევაზე, რომელიც არც სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ის, რა პასუხიც ელენე ხოშტარიას შემთხვევაზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ისინი არ გრძნობენ თავს კომფორტულად ამ პირობებსა და ამ ვითარებაში. როდესაც შენ გჭირდება, რომ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს ასეთი მეთოდებით ესაუბრო და ასეთი ფორმით შეაკავო ის წინააღმდეგობა და უკმაყოფილება, რომელიც შენ მიმართ არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ ძალაში, ვერ გრძნობ თავს კომფორტულად. ისინი თავად ამბობენ, რომ ამ ფორმით, ამ იზოლაციაში არ გრძნობენ თავს კომფორტულად, ამიტომ მზად არიან გაუსწორდნენ ყველას, ვინც ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგება ამ სისტემას. იმიტომ, რომ ოდნავ შეწინააღმდეგებამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი შეწინააღმდეგება და კიდევ უფრო მეტი შეწინააღმდეგებისთვის გამკლავების რესურსი არ აქვთ. ამას ნიშნავს „ქართული ოცნების“ ეს გზავნილი.
ამასთან, როდესაც ვსაუბრობთ ელენე ხოშტარიას "ქეისზე" და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რამხელაა „ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტი, ძალიან კარგად ჩანს ამ ნაწილში - ისინი გველაპარაკებიან მიტევებაზე, ქრისტიანულ ღირებულებებზე და არათუ ქრისტიანული ღირებულებები არ აქვთ გათავისებული, ჩვენი, ქრისტიანული კულტურის ძეგლების მიმართაც როგორია მათი დამოკიდებულება. ამ კონტექსტშიც ამაზრზენია ეს გადაწყვეტილება, რომ წელიწადნახევრით გაუშვეს ქალი პოლიტიკოსი საპატიმროში კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო და ერთი კაცი არ გამოვლენილა დამნაშავე გელათის ჩამორეცხვისა და აოხრების საქმეზე“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციის დიალოგს, როგორც ბუაძემ განმარტა, ყველანაირი საუბარი ხელისუფლებასთან წარმოუდგენელია დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების გარეშე.
„საუბარი ყოველთვის შეიძლება. საუბარზე უარის თქმა ნიშნავს აზროვნებაზე უარის თქმას და აზროვნებაზე ვისაც უარის თქმა უნდა, მისი ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ არის. ძალიან დაძაბული მრავალწლიანი ომებისა და დაპირისპირების შედეგად საუბრობენ უცხო მხარეები ერთმანეთთან. ბოლოს და ბოლოს, ისრაელი და „ჰამასი“ ელაპარაკებოდა ერთმანეთს. შესაბამისად, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოვახერხოთ ერთმანეთთან საუბარი, მიუხედავად უმძიმესი კონტექსტისა, რომელშიც არ უნდა ვიყოთ. ეს ვერ მოხდება იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ტყვედ ჰყავს აყვანილი ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. ეს თავის მხრივ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას. იქამდე სანამ ხალხი არის საპატიმროში, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან არის აღიარება იმის, რომ მათ არ უნდათ დიალოგი. იმიტომ, რომ დიალოგი რომ უნდოდეთ, პასუხისმგებლობა არის მათზე, გადადგან ეს ნაბიჯი. „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს თუ გადადგამს და ვინმე თუ უარს იტყვის მათთან საუბარზე, შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ამ პროცესში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე, რა ფორმით უნდა გააგრძელოს ოპოზიციამ საუბარი „ქართულ ოცნებასთან“ ან უნდა გააგრძელოს თუ არა. მე, როგორც ერთი პოლიტიკოსი აუცილებლად მივიჩნევ საუბარს ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე. ოღონდ ეს საუბარი ვერ შედგება იმ ფონზე, როცა ხალხი არის ციხეში. „ქართულ ოცნებას“ რომ უნდოდეს დიალოგი, ახლა არის ყველაზე ლოგიკური დრო იმისთვის გვაჩვენოს, რომ დეესკალაციის კუთხით მათ უნდათ რაღაც ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა საბა ბუაძემ.