საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა, რომელიც ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიულ კომპლექსში განთავსდება, ასევე გამოყენებულ იქნება პროექტის - „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში სატრენინგო პროგრამის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ პროექტს “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” “World Vision საქართველოსა” და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ენერგეტიკის ექსპერტი - ფაკულტეტის პროფესორი გია არაბიძე, “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი, ფაკულტეტის პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა პროექტის - „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ - განხორციელების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ბიზნესკომპანიის თანამშრომლების, პროფესიული სტუდენტების, პრაქტიკოსი ტრენერებისა და მომავალი სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.
ვიცე-რექტორის განცხადებით, 37800 ლარის ღირებულების თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა, რომელიც “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” სატრენინგო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეისყიდა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცა, უახლოესი მომავლიდან გამოყენებულ იქნება სატრენინგო პროგრამისთვის, ასევე ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისთვის.
“თბური წინაღობის საზომი მოწყობილობის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადმოცემა მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო პროცესის გაძლიერების მიმართულებით. მისი საშუალებით ჩვენს სტუდენტებსა და მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რეალურ პირობებში შეისწავლონ შენობათა თბოსაიზოლაციო თვისებები და ენერგოაუდიტის თანამედროვე მეთოდები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების გადამზადება და მათი აღჭურვა როგორც მყარი თეორიული ცოდნით, ისე პრაქტიკული უნარებით. ამით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ენერგოეფექტურობის სტანდარტების ამაღლებას. მადლობას ვუხდით “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მწვანე ბიზნესპრაქტიკის განვითარებას“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.
როგორც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, სატრენინგო პროგრამა, რომელსაც ახლო მომავლიდან ჩაეყრება საფუძველი, ენერგოეფექტური პრაქტიკების დანერგვას შეუწყობს ხელს.
“თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება მასალებისა და სამშენებლო კონსტრუქციების თბური თვისებების განსასაზღვრად, ასევე შენობების ენერგოდანაკარგების ანალიზისა და თბოიზოლაციის შეფასებისთვის. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება თბური ნაკადის სენსორს: მოწყობილობა ერთ მხარეს აფიქსირებს კონსტრუქციაში გამავალ სითბოს ნაკადს, ხოლო მეორე მხარეს ზომავს ზედაპირების ტემპერატურებს, რის საფუძველზეც ხდება თბური წინაღობის ზუსტი გამოთვლა. მოწყობილობა აღჭურვილია თბური ნაკადის სენსორით, ტემპერატურის სენსორებით, მონაცემთა ლოგერითა და ანალიზის პროგრამით, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სრულყოფილ დამუშავებას. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო კვლევებში, ისე ენერგოეფექტურობის შეფასებასა და შენობების ენერგოაუდიტში, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითად მდგრადი პრაქტიკების დანერგვას“, - აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ.
“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” ხელმძღვანელის თქმით, ცენტრი აქტიურად მუშაობს ენერგოაუდიტის პროფესიული სტანდარტების განვითარებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიმართულებით, რა პროცესშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში შევძლოთ აკადემიურ სივრცესთან მჭიდრო თანამშრომლობა და ისეთი პრაქტიკული რესურსების გამოყენება, რაც რეალურად გააძლიერებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით სწავლებისა და კვლევის ხარისხს. “ენერგოეფექტურობის ცენტრი” აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს ენერგოაუდიტის პროფესიული სტანდარტები და გაიზარდოს კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად შევქმნათ გადამზადების პროგრამები“, - განაცხადა გიორგი აბულაშვილმა.