დიდი იურისტობა არ უნდა იმას, რომ ადამიანი რომელიც ფლომასტერით მიაწერს რაღაცას, ოთხი შვილის დედაა, არ უნდა გაუშვა ციხეში. გამოხატვის უფლების კლასიკური ნაწილია, - ამის შესახებ „პრევენცია პროგრესისთვის” ხელმძღვანელმა, ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ძალის დემონსტრირებას და თავს არიდებს კომპრომისებს, რაც შიშის სინდრომით არის განპირობებული.
„მუდმივად ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ პროტესტის გამოხატვა. გარდა იმისა, რომ წელიწად-ნახევრიანმა პროტესტმა შედეგები მოიტანა, მედეგობაც გამოვიმუშავეთ. ვისწავლეთ დაგეგმვა, ორგანიზების საკითხები. უფრო მოქნილები გავხდით. არ მგონია, რომ პროტესტს ერთი სახე უნდა ჰქონდეს, მანევრირება უნდა შეგეძლოს. პატრიარქის გარდაცვალების გამო გასულ შაბათს გავაუქმეთ ტრადიციული მარში. ეს იყო პატივისცემის ნიშნად. ამასთან, ჩვენი ძალიან ბევრი მხარდამჭერი მიდიოდა პანაშვიდებზე. სწორი გადაწყვეტილება იყო, ჩვენ ეს მსვლელობები არ უნდა გაგვემართა. ხვალიდან ჩვეულებრივ გაგრძელდება.
ამ კვირაში გვინდოდა გამოგვეყო ელენე ხოშტარიას საქმე. არის აბსურდული საქმეები, მაგრამ ასეთი ტიპის აბსურდული ცოტაა. დიდი იურისტობა არ უნდა იმას, რომ ადამიანი, რომელიც ფლომასტერით მიაწერს რაღაცას, ოთხი შვილის დედა არ უნდა გაუშვა ციხეში. გამოხატვის უფლების კლასიკური ნაწილია. უბრალოდ არ უნდათ კომპრომისების ჩვენება, კუნთებს ათამაშებენ. შიშის სინდრომიც არის, რადგან ძალა თუ არ აჩვენეს უკან დახევის ეშინიათ, რომ ყველაფერი არ ჩამოეშალოთ“,- განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
ასევე მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, კერძოდ, იმ ნაწილზე, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ „ვიდრე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების ამნისტიაზე ან შეწყალებაზე საუბარი დაიწყება, უნდა ვიხილოთ "მონანიება და აღიარება".
მისი თქმით, პატიმრებისთვის შეთავაზებული კომპრომისები ხშირად მათი დისკრედიტაციის მცდელობას ემსახურება.
„ხშირად არის არასწორი მოლოდინების შექმნა. მე საერთოდ არანაირი მოლოდინი არ მაქვს. უნდათ კომპრომისული ნაბიჯი, ოღონდ ისე, რომ ხალხის დისკრედიტაციაც მოახდინონ. აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანებით, ხომ შეიძლებოდა რომელიმე გაეტეხათ? შეიძლება რაღაც მომენტში დაიღალო, საკნებში აუტანელი პირობებიც არის. ამდენი ხანია ამ პირობებში ხარ და გაქვს პირობა, რომ კომპრომისზე წახვიდე და სახლში წახვიდე. არ მიდის ხალხი ამ კომპრომისზე, რადგან ეს ყველაფერი გააზრებული აქვთ.
არ შემიძლია ადამიანებს მოვუწოდო, დიდხანს ისხდნენ ციხეში, მაგრამ ასევე არ შემიძლია არ გამოვხატო აღფრთოვანება მათი მედეგობის, გაუტეხლობის გამო. ისინი ყველაზე დიდ ფასს იხდიან. ერთია, რომ ზიხარ ციხეში და მეორეა ტყუილად რომ ზიხარ. ამიტომაც გვინდა, რომ ეს ადამიანები მუდმივად გავამხნეოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მხრიდან სოლიდარობას. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო ხვალ, სინდისის პატიმრებს მხარი დავუჭიროთ და მადლობა გადავუხადოთ. ჩვენც არ უნდა გავჩერდეთ, მანამ სანამ არ იქნებიან გათავისუფლებულები“,- განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.