უნდა ვთქვათ, რომ ცუდი ხელისუფლება წავა და მოვა კარგი ხელისუფლება, რომელიც გასაჭირს გაითავისებს. ამ განაცხადის გარეშე დღის წესრიგი ვერ შეიქმნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, ოპოზიციამ პოზიტიური დღის წესრიგის გარეშე არ უნდა წარმართოს პროცესი.
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ოპოზიციამ პოზიტიური რიტორიკით უნდა ისაუბროს საზოგადოებასთან, დე-ფაქტო რეჟიმთან და საერთაშორისო სტრუქტურებთანაც. თუ ჩვენ არ ვართ მზად პასუხისმგებლობა ავიღოთ ხელისუფლებაზე, მხოლოდ ის, რომ ეს ხელისუფლება ცუდია, ამაზე ეროვნული კონსენსუსი მარტივად მოხერხდება. საზოგადოებას ვინმემ უნდა დაანახოს ის, რომ ცუდი ხელისუფლება იცვლება არა უბრალოდ, არამედ კარგი ხელისუფლებით, რომელიც ყველა იმ პრობლემას, რაც საზოგადოების წინაშე დგას, გაითავისებს და გადაწყვეტს. ხალხი მარტივად აღიქვამს, რომ დღეს პრობლემა რომ აქვს, ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ პრობლემა განაჩენია, არამედ ხელისუფლება არ უვარგა, რომელსაც არ აინტერესებს მისი პრობლემები.
ეს არის იმის გააზრება, რომ პოზიტიური დღის წესრიგის გარეშე არ უნდა წარვმართოთ პროცესი. უნდა ვთქვათ, რომ ცუდი ხელისუფლება წავა და მოვა კარგი ხელისუფლება, რომელიც გასაჭირს გაითავისებს. ამ განაცხადის გარეშე დღის წესრიგი ვერ შეიქმნება“, - განაცხადა ფოფხაძემ.
როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ეს გამოწვევები დაძლიოს.
„საზოგადოება უნდა ხედავდეს, რომ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გათავისებული აქვს ის გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშეა და შეუძლია ეს გამოწვევები დაძლიოს. საერთაშორისო პარტნიორებს არ უნდა შეექმნათ უკმარისობის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტი, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი იტვირთოს. გარდა ამისა, ეს არის საკუთარი თავის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა გვქონდეს განცდა იმისა, რის გაკეთებას ვაპირებთ მას შემდეგ, რაც გვგონია, რომ უნდა დამთავრდეს, დამთავრდება“,- განაცხადა ფოფხაძემ.