ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში ისრაელის უსაფრთხოების ბუფერული ზონის გაფართოების ბრძანება გასცა.
„ლიბანში, დავალება გავეცი, არსებული უსაფრთხოების სარტყელის შემდგომ გაფართოებაზე, რათა საბოლოოდ შევაჩეროთ შემოჭრის საფრთხე“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
ასევე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანს და მის მოკავშირეებს „უზარმაზარი ძალით“ უტევს.
„ჩვენ უზარმაზარი მიღწევები გვაქვს, მიღწევები, რომლებიც თეირანის ტერორისტულ რეჟიმში თვალსაჩინო ბზარებს აჩენს“, - დასძინა მან.
როგორც მედია წერს, ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელი სამხრეთ ლიბანში კიდევ უფრო წინ წავიდა. ისრაელის ძალები მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარე მიწას იკავებენ.
ისრაელის სამხედროებმა ბოლო დღეების განმავლობაში მდინარეზე რამდენიმე ხიდი ააფეთქეს, რაც ლიბანს შუაზე ყოფს.
პარასკევს, ადამიანის უფლებათადამცველებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალების მიერ მდინარეზე გადასასვლელების დანგრევა სამხრეთ ლიბანში ათიათასობით მცხოვრებს „სასიცოცხლო მნიშვნელობის გზებზე“ წვდომას შეუწყვეტს.