„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის ბულვარის გენერალური გეგმის საკუთარ ინტერესებზე მორგება დაიწყო - რიჟვაძე-ჩიქოვანის გავლენებს ახლა, თამაზაშვილი-ცინცაძის კლანი ანაცვლებს, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში „ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა, ვაჟა დარჩიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაჟა დარჩიას თქმით, ეს არის საშიში ტენდენცია, რადგან „ნებისმიერ დროს ივანიშვილის გუნდს შეუძლია დოკუმენტში ცვლილება შეიტანოს“.
„ქართულმა ოცნებამ” ბათუმის ბულვარის გენერალური გეგმის საკუთარ ინტერესებზე მორგება დაიწყო. დამტკიცებულ დოკუმენტში პირველი ცვლილებები შედის. მაშინ, როცა აღნიშნული გენგეგმის სახელით ბულვარის ტერიტორიაზე ათობით რესტორანი დაანგრიეს და მცირე მეწარმეებსაც დაუხურეს ბიზნესები, დღეს ბათუმის საკრებულო რესტორან „სანრემოს” გენგეგმაში მოქცევას აპირებს.
დღეს ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ დოკუმენტის აღსრულება პრიორიტეტულია, თუმცა რატომღაც ავიწყდება, რომ იმავე კონცეფციაში პირდაპირ წერია, რომ სანაპირო ზოლში ფუნდამენტური შენობების აგება/არსებობა დაუშვებელია. (სწორედ, ამ მოტივით სანაპირო ზოლში დაინგრა სხვა მსგავსი ნაგებობები.) თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „ქართული ოცნების” შემწირველისთვის გენგეგმის უგულებელყოფა შესაძლებელია. საუბარია ედნარ პაპუნაიშვილზე, რომელმაც „ქართულ ოცნებას” არაერთგზის შესწირა თანხა.
ეს იმას ნიშნავს, გენგეგმის შესაძენად ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დახარჯული ასობით ათასი ლარი არა ბულვარის ინტერესებს, არამედ „ოცნების“ მიზნებს მოხმარდა. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს არის საშიში ტენდენცია და ნებისმიერ დროს ივანიშვილის გუნდს შეუძლია დოკუმენტში ცვლილება შეიტანოს და ბულვარის ნებისმიერ ტერიტორიაზე, თუნდაც, კონცეფციით შეუსაბამო ობიექტი გაჩნდეს. ამ საკითხზე ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ, რომ რიჟვაძე-ჩიქოვანის გავლენებს ახლა თამაზაშვილი-ცინცაძის კლანი ანაცვლებს“, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.