ევროკავშირი განიხილავს საგანგებო გეგმებს იმ შემთხვევაში, თუ მისი დიდი ხნის ოპონენტი, ვიქტორ ორბანი, კიდევ ერთი ვადით გაიმარჯვებს, - ამის შესახებ აღნიშნული სტატიაში, რომელსაც POLITICO აქვეყნებს.
გამოცემა ბლოკის ათ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნები რამდენიმე იდეას განიხილავენ, რათა თავიდან აიცილონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის და ზოგიერთ შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა პრობლემური ლიდერის მიერ ბლოკის ფუნქციონირების ჩაშლა. ამ გზებს შორისაა ხმის მიცემის წესის შეცვლა, დაფინანსების გაზრდა და გარიცხვაც კი.
ერთ-ერთი ვარიანტია კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის (QMV) გამოყენების გაფართოება - რომელიც ჩვეულებრივ მოითხოვს წევრი სახელმწიფოების 55 პროცენტის მხარდაჭერას - მგრძნობიარე სფეროებში, რომლებიც ამჟამად ყველას ჩართულობას საჭიროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ელემენტები, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF).
მეორე ვარიანტია მოქნილი ფორმატების უფრო ფართო გამოყენება — მსურველთა არაფორმალური კოალიციებიდან დაწყებული ქვეყნების მცირე ჯგუფებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობით დამთავრებული.
კიდევ ერთი ვარიანტია აღსრულების უფრო აგრესიული ზომები, როგორიცაა ევროკავშირის ნაღდი ფულის დაკავება. POLITICO წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ორბანის მიერ უკრაინისთვის სესხის გაცემის ბლოკირება არღვევს ევროკავშირის ხელშეკრულებების 4(3) მუხლს, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს აქვთ „გულწრფელი თანამშრომლობის“ უზრუნველყოფის ვალდებულება. ევროკომისიის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შესაძლებელია 4(3) მუხლის გამოყენება. კერძოდ, ნებისმიერმა დარღვევამ, შეიძლება გამოიწვიოს დარღვევის პროცედურა, რომელიც, თუ ევროკავშირის სასამართლო გადაწყვეტილებას კომისიის სასარგებლოდ გამოიტანს, ფინანსურ ჯარიმებს გამოიწვევს.
მეოთხე ვარიანტია ხმის მიცემის უფლების შეჩერება. 2018 წელს ევროპარლამენტმა აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულებების მე-7 მუხლი, რომელიც წევრი სახელმწიფოს ხმის მიცემის უფლების შეჩერების საშუალებას იძლევა, თუ ის ბლოკის ღირებულებებს დაარღვევს.
მეხუთე ვარიანტია ევროკავშირიდან გარიცხვა. POLITICO წერს, რომ ეს არის ყველაზე დრამატული და არარეალური ვარიანტი, რადგან ევროკავშირიდან არასდროს არცერთი ქვეყანა არ გარიცხულა და ეს თემა ტაბუ დადებულად რჩება.