ძალიან დაძაბული სიტუაცია, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მსოფლიოს კარგა ხანია არ ახსოვს. როგორც ჩანს, სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტის გახსნა, - ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
გოგოლაშვილის თქმით, ირანმა მილიონზე მეტი სამხედროს მობილიზება გამოაცხადა და როგორც ჩანს, იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა.
„ეს არის დამატებითი ესკალაცია. ტრამპი ამბობდა ცოტა ხნის წინ, რომ მალე დავამთავრებთ ომსო, მერე ამბობდა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანის ხელისუფლებასთანო, თუმცა თეირანის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობსო. შემდეგ მისცა რამდენიმედღიანი ვადა და გააფრთხილა, რომ დავბომბავ ენერგეტიკულ ობიექტებსო, რომ ამერიკის შეთავაზებებზე დათანხმებულიყვნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს 10- დღიანი ვადა მიეცათ იმისთვის, რომ შეერთებული შტატებიდან მოდის საკმაოდ დიდი რაოდენობით სამხედრო დესანტი, სხვადასხვა დანაყოფები, შეერთებული შტატების ძალიან ძლიერი და ცნობილი დანაყოფები, შეიძლება, სადღაც 18-20 ათასამდე სამხედრო იყოს მთლიანად. ამ მომენტისთვის ჩასულია 3500-მდე სამხედრო, მისულია სპარსეთის ყურესთან და როგორც ჩანს, სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტის გახსნა.
ირანმა გამოაცხადა დიდი მობილიზაცია, მილიონზე მეტი მეომარი ჰყავს უკვე მობილიზებული სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის, სპარსეთის ყურის სანაპიროზე და როგორც ჩანს, იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ჩვენ არ ვიცით ამას რა მოჰყვება. ვერ ვიტყვით, რომ რაც თქვა ტრამპმა, ყველაფერი შესრულდა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი ესკალაცია და საკმაოდ დიდი ხნით გაგრძელდეს ეს შეტაკებები“, - განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ძალიან დიდი ეკონომიკური ზიანია მსოფლიოსთვის.
„საერთოდ, ამ სრუტის ჩაკეტვა არის ძალიან დიდი ეკონომიკური ზიანი - ნავთობისა და თხევადი აირის საერთაშორისო გადაზიდვების 20% ხდება ჰორმუზის სრუტიდან. კიდევ კარგი საუდის არაბეთს აღმოაჩნდა ადრე აშენებული ნავთობსადენი, რომლიდანაც 1/3 რაც უნდა გასულიყო, იქიდან გადის. მაგრამ იქ სხვა ლოჯისტიკური პრობლემები იქმნება და საბოლოო ჯამში, რაც მსოფლიოში უნდა გასულიყო, იქიდან, მთლიანობაში, 20% გადის. ჰორმოზის სრუტის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლის საკითხი, იმიტომ, რომ ამის ცალმხრივად ასე ჩაკეტვა არ შეიძლება და ახლა ირანი ფულს ითხოვს იმაში, რომ გაატაროს გემები და ამასთან, ამბობს, რომ როდესაც დაიდება სამშვიდობო შეთანხმება და ამერიკელები გავლენ იქიდან, ირანი მოითხოვს გადასახადს ყველა გემისგან, რომელიც სრუტეში შევა და გამოვა. სრუტე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არის თავისუფალი და ის არავის ეკუთვნის,“ - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზიებს ნატო-ს მიმართ, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ტრამპი ალიანსთან მიმართებით ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც აშშ-ს პრეზიდენტს არ შეეფერება“.
„დონალდ ტრამპი საკმაოდ გაუნათლებელი ადამიანია, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც არ ეკუთვნის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ნატო ერთვება სამხედრო მოქმედებებში ვაშინგტონის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელშიც წერია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც აგრესიას აქვს ადგილი ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნის მიმართ, იკრიბება ჩრდილოატლანტიკური საბჭო და ადგენს, არის თუ არა ეს ნამდვილად აგრესია ქვეყნის მიმართ და მეხუთე მუხლი, რომ კოლექტიურად უნდა დაიცვან ქვეყნებმა აგრესიის ქვეშ მყოფი მათი პარტნიორი, მოდის მოქმედებაში. რომელი აგრესია მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ?! ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები შეიძლება ჩართულიყვნენ ამ ომში, მათთან წესიერი დიპლომატიური ურთიერთობები რომ ჰქონოდა ტრამპს. ტრამპი ემუქრებოდა მათ, ევროკავშირს მთლიანად და არა მხოლოდ დანიას, გრენლანდიის წართმევით, ნატო-ს ხან დაშლით ემუქრებოდა. მათ შორის იყო შეურაცხყოფა ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ. ერთადერთხელ ამუშავდა ნატო-ს მეხუთე მუხლი, როდესაც მიიტანა „ალ-ქაიდამ“ შეტევა ნიუ-იორკზე და შედეგად ავღანეთში შეჭრის ოპერაცია იყო. მაშინ სწორედ ევროპელები ომობდნენ ამერიკის ინტერესების დასაცავად. მე არ მახსოვს, რომ ამერიკას სადმე ეომოს ევროპელების დასაცავად, მას შემდეგ, რაც ნატო შეიქმნა,“ - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.