დღეიდან დენი 5 თეთრით გააძვირა „ქართულმა ოცნებამ“! ზოგად ტვირთთან ერთად, ეს გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა.
როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისია მოსახლეობის ფარსი, ტყუილი და დამცირებაა.
„ასეთი ფარსი, ტყუილი და დამცირება, რაც „ოცნების“ ფასების კომისიაა, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა! დაფიქრდით და აღმოაჩენთ, რომ პირველ რიგში, შეურაცხყოფას სწორედ „ოცნების“ ამომრჩევლებს გაყენებენ ამ პროპაგანდისტული სალაფავით!
„ოცნება“ = მაღალ ფასებს
„ოცნება“ = სიღარიბეს
„ოცნება“ = მეტ მშიერ ადამიანს
„ოცნება“ = ტყუილს“, - წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.