შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ ადამიანებზე - დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაჟა სირაძის განმარტებით, ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი პირები განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.

„დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით ბრალი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინებათ.

სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.

ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.

გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ.

დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ, რაც დასტურდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს – დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად, ასევე, დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ბრძოლას ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ. საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების სულ მცირე ნიშნების არსებობისას, დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი